მიქელაძე ვიტალი გიორგის ძე (8. V. 1926, – 4. IV. 2005, მოსკოვი), აეროჰიდროდინამიკის დარგის მეცნიერი. ტექ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, სსრკ (1975) და რფ (2001) სახელმწ. პრემიების ლაურეატი, რფ მეცნ. და ტექნ. დამს. მოღვაწე (1993). დაამთავრა მოსკოვის ავიაციის ინ-ტი (1950). 1950-იდან მუშაობდა ნ. ჟუკოვსკის სახ. ცენტრ. აეროჰიდროდინამიკის ინ-ტში (ცაგი) სხვადასხვა თანამდებობაზე – იყო ინ-ტის უმსხვილესი სამეცნ.-კვლ. განყ-ბის ხელმძღვ. (1965–91), ამავე განყ-ბის მთ. მეცნიერი თანამშრომელი და სამეცნ. ხელმძღვ. (1991–2005). მ-ს დიდი წვლილი მიუძღვის სხვადასხვა დანიშნულების ჩვეულებრივი და ზებგერითი თვითმფრინავების მოდელების დამუშავებაში (სამგზავრო – Ту-144, Ту-154М, Ту-204, Ил-86, Ил-96-300, Ил-114, Як-42; სატრანსპორტო – Ил-76, Ан-124, Ан-225; სამხედრო – Ту-22М, Ту-160, МиГ-23, МиГ-25, МиГ-29, Су-25, Су-27, Як-38, Як-141 და სხვ.), აგრეთვე ცაგის ექსპერ. ბაზის განვითარებაში, მ. შ. უნიკალური ზებგერითი აეროდინამიკური საცდელი მილის – Т-128-ის შექმნაში.
მ-ის ნაშრომები ეძღვნება ზებგერითი თვითმფრინავების აეროდინამიკურ მდგრადობას, ცვლადი გეომეტრიის ფრთების მქონე მრავალრეჟიმიანი თვითმფრინავების აეროდინამიკის შესწავლას, და სხვ.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების, გამოგონებებისა და მონოგრაფიების ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. მიღებული აქვს ნ. ჟუკოვსკის სახ. პირველი პრემია და ოქროს მედალი (1985), ასევე ლენინის ორდენი (1971) და სხვა სამთავრობო ჯილდოები.
თხზ.: Основные геометрические и аэродинамические характеристики самолетов и ракет, М., 1982 (თანაავტ. Титов В.М.).