მიქელაძე ვიაჩესლავ არტემის ძე (21. III. 1875, ვლადიკავკაზი, – 27. VIII. 1951, ლენინგრადი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1916). საარტ. საქმის სპეციალისტი. წითელი არმიის „კომდივი“ (1935). სამხ. მეცნ. დოქტორი (1934), პროფესორი (1934). დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი (1892), პეტერბურგის მიხეილის საარტ. სასწავლებელი და მიხეილის საარტ. აკადემია (1902, I თანრიგით). 1912 აირჩიეს არტილერიის მთ. სამმართველოს მუდმივმოქმედ წევრად. 1910–13 იყო „სამხედრო ენციკლოპედიის“ რედაქციის თანამშრომელი. მონაწილეობდა I მსოფლიო (1914–18) ომში. 1916-იდან მეთაურობდა მე-2 საარტ. მსროლელთა ბრიგადას. 1917-იდან ეკავა მე-40 საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორის თანამდებობა, 1918 იანვრიდან კი – საპასუხისმგებლო პოსტები წითელ არმიაში. 1933 აირჩიეს ლენინგრადის სამხ.-მექან. ინ-ტის არტილერიის კათედრის უფროსად, 1935 დირექტორის მოადგილედ, შემდეგ დირექტორად (1951-მდე). ავტორია სამეცნ. ნაშრომების. დაჯილდოებულია ლენინისა და სხვა ორდენებით.
ლიტ.: Гогитидзе М. Ф., Грузины в Петербурге, Тб., 1976.
მ. გოგიტიძე