მიქელაძე ვახტანგ ევგენის ძე

მიქელაძე ვახტანგ ევგენის ძე (16. VI. 1937, მოსკოვი, – 6. III. 2025, იქვე), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979), ინგუშეთის რესპ. სახ. არტისტი (2004). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (რ. კარმენის სახელოსნო, 1965). მუშაობდა სვერდლოვსკის (ახლანდ. ეკატერინბურგი) და კიევის დოკუმენტური ფილმების სტუდიებში, სადაც გადაიღო ფილმები: „ოცდამეთხუთმეტე კილომეტრი“ (1962) და „კარპატული ეტიუდი“ (1964). 1967-იდან მოღვაწეობდა საქართველოში. მის სახელს უკავშირდება პოეტური დოკუმენტური კინოს ტრადიციების აღორძინება. საქართვ. დოკუმენტურ-ქრონიკალურ და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში გადაიღო ფილმები: „გზის მშენებლები“ (1962, საკავშ. კინოფესტივალის დიდი პრიზი „თეთრი თოლია“, 1963), „352 საათი ანაკოფიის უფსკრულში“ (1965, სპორტ. ფილმების I საკავშ. კინოფესტივალის ბრინჯაოს მედალი, 1966), „ომალო“ (გ. ჭუბაბრიასთან ერთად), „რესტავრატორები“, „ქართული ცეკვები“ (ორივე 1968), „ირმის ტირილი“ (1969), „საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე“ (გ. ასათიანთან ერთად, 1970), „ბამი – ქართული ფინალი“ (1975), „კარის გასაღები“ (1976), „ევგენი მიქელაძე“ (1979), „ცეცხლთან მებრძოლნი“ (1982), „ებრაული კამერული თეატრი“ (1984), „მშვიდობა შენდა, სტუმარო!“, „პლანეტის სიჭაბუკე“ (ორივე 1985) და სხვ. 1985-იდან მუშაობდა მოსკოვში, თავისსავე დაარსებულ (1986) სტუდია „ეკო-ფილმში“, სადაც გადაიღო მრავალი სარეკლამო, აგრეთვე დოკუმენტური ფილმები: „სომხეთის ზარი“ (1991, კრაკოვის საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის, 1993) და „ნაცრისფერი ყვავილები“ (1993, იმავე წელს ლაიფციგის საერთაშ. კინოფესტივალის ეკუმენიკური ჟიურის პრიზი. საერთაშ. კინოფესტივალ „სტალკერის“ პრიზი, რუსეთი, 1996); გადაიღო ფილმები: „სასჯელი – ბავშვობა“, „რაგბი“, „დამოწმებულია ორის მიერ“ (სამივე 1995), „განაჩენი სისრულეშია მოყვანილი“ (1997) და სხვ.; აგრეთვე დოკუმენტური ციკლები და სერიალები.

მ. კერესელიძე