მიქელაძე ევგენი სიმონის ძე

მიქელაძე ევგენი სიმონის ძე (27. VI. 1903, ბაქო, – XII. 1937, თბილისი), დირიჟორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1936). 1930 დაამთავრა ლენინგრ. კონსერვატორია (პედ-ები: ნ. მალკო და ა. გაუკი). 1931–37 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის დირიჟორი (1933-იდან – მთ. დირიჟორი, 1937 – სამხატვრო ხელმძღვ.). 1932 დააარსა თბილ. კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი, 1933–37 ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ სახელმწ. სიმფ. ორკესტრს. მ. შესანიშნავად უძღვებოდა ორ დიდ საქმეს – საოპერო და სიმფ. მუს. სფეროს. მისი თაოსნობით სიმფ. მუსიკა ძალზე პოპულარული გახდა საქართველოში. რეპერტუარში ჰქონდა ლ. ვ. ბეთჰოვენის, რ. ვაგნერის, ფ. შუბერტის, ი. ბრამსის, ჰ. ბერლიოზის, პ. ჩაიკოვსკის, ა. ბოროდინის, ნ. რიმსკი-კორსაკოვის, ს. პროკოფიევის, ი. სტრავინსკის, დ. შოსტაკოვიჩის, გ. მალერის, რ. შტრაუსის, ო. რესპიგის და სხვათა ქმნილებები. მისი დირიჟორობით სრულდებოდა ქართ. სიმფ. მუსიკის ადრინდ. ნიმუშები, იმ დროის ახალგაზრდა კომპოზიტორთა (შ. მშველიძე, გ. კილაძე, ი. ტუსკია, შ. თაქთაქიშვილი, ი. გოკიელი) ნაწარმოებები. მ-ის საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნ. სიმფ. მუსიკის სწრაფ განვითარებას. იმხანად საქართველო საშემსრულებლო ხელოვნების დონით უთანაბრდებოდა საზღვარგარეთის გამოჩენილი დირიჟორების, სოლისტების საშემსრულებლო ოსტატობას, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ აქ გასტროლებზე ჩამოსულ მუსიკოსებს. მ-ის ხელმძღვანელობით განსაკუთრებულ შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრმა. ეს კარგად წარმოჩნდა 1937 მოსკოვში, ქართ. კულტურის დეკადაზე. აქ მისი დირიჟორობით წარმოდგენილი ზ. ფალიაშვილის ოპერები – „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“ დიდ მოვლენად იქცა. მისი საოპერო რეპერტუარიდან გამოირჩეოდა ჟ. ბიზეს „კარმენი“, ჯ. ვერდის „ოტელო“ და „აიდა“, ა. ბოროდინის „თავადი იგორი“, მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, აგრეთვე ქართ. ოპერები: მ. ბალანჩივაძის „თამარ ცბიერი“, დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, გ. კილაძის „ბახტრიონი“, პირველი ქართ. ბალეტი – ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ („მზეჭაბუკი“).

მ-ის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი, მუს. ლიტერატურის ზედმიწევნით ცოდნა. შესანიშნავი სადირიჟორო მონაცემებისა და ფენომენალური მეხსიერების წყალობით (დირიჟორობდა ზეპირად) მ-მ სწრაფად მოიპოვა უდიდესი ავტორიტეტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ლეგენდარული დირიჟორის სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდა შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში. ემსხვერპლა 1937 წლის რეპრესიებს.

მთაწმინდის პანთეონში განთავსებულ მემორიალურ დაფაზე სხვა რეპრესირებულ ხელოვანთა გვერდით მოხსენიებულია მ-ის სახელი.

ლიტ.: ბუჩუკური რ., დაუმორჩილებელი მუსიკოსები, თბ., 2020; თაქთაქიშვილი გ., ევგენი მიქელაძე, თბ., 1959 (რუს. ენაზე – 1963); ჩოხელი გ., გზა მოკლე, თბ., 2024; წულუკიძე ა., ევგენი მიქელაძე, თბ., 1968.

თ. დოლიძე