მიქელაძე დავით (დათა) ალექსანდრეს ძე (ფსევდ. მეველე)

მიქელაძე დავით (დათა) ალექსანდრეს ძე (ფსევდ. მეველე) (1843, სოფ. კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 25. XI. 1918, ქუთაისი), საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, მთარგმნელი. დაამთავრა ქუთ. გიმნაზია (1863); სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტში; იყო პარიზის უნ-ტის თავისუფალი მსმენელი. გაზ. „დროებას“ უგზავნიდა კორესპონდენციებს საფრანგეთიდან. მ-ის პირველი ლექსი „სოფლის მეპატრონე“ 1867 დაიბეჭდა „ცისკარში“. მონაწილეობდა „მამებისა“ და „შვილების“ დისკუსიებში; იცავდა ახ. თაობის შეხედულებებს. 1873 ხელმძღანელობდა ჟურნ. „დროშას“; 1886-იდან თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. 1910–16 იყო ქუთ. საადგილმამულო ბანკის დირექტორი. მ. აქვეყნებდა ლიტ.-კრიტ. წერილებს, თეატრ. მიმოხილვებსა და სხვ. თარგმნა და წიგნად გამოსცა ლ. ტოლსტოის „მეუფება წყვდიადისა“ (1908). ქართ. სცენაზე დაიდგა მ-ის პიესა „ხაფანგი“ (გამოქვეყნდა „აკაკის კრებულში“, 1899).

ლიტ.: მაღრაძე ე., მეველე (დათა მიქელაძე), თბ., 1963; ხუციშვილი ს., დავით მიქელაძე, წგ. ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1962.

თ. დოლიძე