მიქელაძე გიორგი ილიას ძე

მიქელაძე გიორგი ილიას ძე (1. II. 1892, სოფ. კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 2. XII. 1974, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1969). 1924 დაამთავრა თბილ. სათეატრო ინ-ტი. 1912-იდან მონაწილეობდა ბაქოს ქართ. თეატრის, ხოლო შემდეგ თბილ. სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1919 თბილისში ჩამოაყალიბა რუსული თეატრი  („თავისუფალი თეატრი“), 1922 – დრამის სტუდია. 1926 იყო ბათ. თეატრის მსახიობი, 1928–33 – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და რეჟისორი, 1934-იდან მისივე თაოსნობით შექმნილი საქართველოში პირველი პროფ. დასის – თბილ. თოჯინების სახელმწ. თეატრის ხელმძღვ., დირექტორი და მთ. რეჟისორი. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია: გ. როსებას „ცაცო“ (1934), ვ. კობელის „წკიპა“ (1939), ა. ბელიაშვილის „სვანეთის მთებში“ (1945), ლ. ბრაუსევიჩის „ჩექმებიანი კატა“ (1953), კ. გოგიაშვილის „ოქროს სალამური“ (1963) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.