მიქელაძე გიორგი (გოგი) არტემის ძე

მიქელაძე გიორგი (გოგი) არტემის ძე (დ. 18. XII. 1946, თბილისი), ფერმწერი, კინოს მხატვარი. დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი (1965) და თბილ. სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტი (1971). 1973-იდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მ-ის კოლაჟური აზროვნება და კინემატოგრაფიული ხედვა ზუსტად მიესადაგა ქართ. კინოს წამყვანი რეჟისორების ძიებებს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფილმების სახვით გადაწყვეტაში. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „მშვიდობიანი დღეები“ (1973), „იმედის მწვანე კუნძული“ (1978, ორივეს რეჟ. ო. გვასალია), „სიყვარული ყველას უნდა“ (რეჟ-ები: გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, 1980), „მოთხრობები პირველ სიყვარულზე“ (1981), „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ (1985, ორივეს რეჟ. გ. მატარაძე), „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1981), «ვარიაცია „ოტელოს“ თემაზე» (2003, ორივეს რეჟ. მ. კოკოჩაშვილი), „დღეს ღამე უთენებია“ (1983), „ორომტრიალი“ (1986, ორივეს რეჟ. ლ. ღოღობერიძე), „მონანიება“ (1984, რეჟ. თ. აბულაძე, სსრკ კინოაკადემიის პრემია „ნიკა“, 1989), „ეი, მაესტრო!“ (1987, რეჟ. ნ. მანაგაძე, საქართვ. სახელმწ. პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1988), „ბედიანი“ (1992, რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი), „მშრალი ხიდის სიზმრები“ (2003), „საშობაო საჩუქარი“ (2005), „იარე, ლიზა!“ (2022, სამივეს რეჟ. ნ. ჯანელიძე), „გზა მაცხოვრისა“ და „დედაო ღვთისავ“ (2002–03, დოკუმენტური დილოგია, რეჟ. მ. ბორაშვილი; საქართვ. სახელმწ. პრემია, 2004), „რენე მიდის ჰოლივუდში“ (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010), „სხვისი სახლი“ (რეჟ. რ. გლურჯიძე, 2016).

მ. ნაყოფიერად მუშაობს ფერწერის დარგში. 1970-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. ჯგუფური გამოფენები: „პოპ-არტი“ (1986, თბილისი), საქართვ. სახვითი ხელოვნება (1987, მოსკოვი), გრაცი (1988, ავსტრია), მიუნხენი (1995) და სხვ. პერსონალური: ბერლინი (1996), პიტსბურგი (1999, აშშ), სტამბოლი (2011), ბათუმი (2013), თბილისი (2019); ფერწერული ნამუშევრები: „მგზავრები“, „თეთრი კედელი“, „ცარიელი ოთახი“, „ავტოპორტრეტი“, „თბილისური ფანჯრები“, „თამრიკო“, „მატარებელი“, „თბილისური საღამო“ და სხვ.

მ-ის ნამუშევრები დაცულია ციმერლის ხელოვნებისა (აშშ) და მოსკ. რევოლუციის მუზეუმებში, აგრეთვე – კერძო კოლექციებში.

მ. კერესელიძე