მიქელაძე გივი შალვას ძე

მიქელაძე გივი შალვას ძე [9 (22). IX. 1912, თბილისი, – 30. V. 1972, იქვე], მეტალურგი. პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1962). დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრიული ინ-ტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის სპეციალობით (1934). მუშაობდა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) ტექნოლ. ინ-ტის ელექტროთერმიის კათედრაზე (1936–40). II მსოფლიო ომში (1939–45) მოხალისედ წავიდა. იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე (1941). იყო პ. მელიქიშვილის სახ. ქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1942–45); საქართვ. მეცნ. აკად. ლითონისა და სამთო საქმის ინ-ტის ელექტროთერმიის ლაბორ. ხელმძღვ., სამეცნ. ნაწილში – დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (1945–57); მეტალ. ინ-ტის (ახლანდ. ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი) ელექტროთერმიის ლაბორ. ხელმძღვ. (1957–72), იმავე წლებში – საქართვ. მინისტრთა საბჭოს მეცნ. და ტექ. სახელმწ. კომიტეტის თავ-რე.

მ. არის ელექტროთერმიის სპეციალისტთა ქართ. სამეცნ. სკოლის ფუძემდებელი. მისი ნაშრომები ეხება ტყიბულის საწვავი ფიქლებისა და ნახშირის გამდიდრების ნარჩენებისგან ფეროსილიკოალუმინის მიღებისა და გამოყენების საკითხებს. მისივე ინიციატივითა და მონაწილეობით მეტალ. ინ-ტში შემუშავდა და აშენდა (1955) სსრკ-ში პირველი 250 კვა სიმძლავრის დახურული მადანაღმდგენი ღუმელი. მიღებული შედეგების საფუძველზე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში აშენდა და ამუშავდა (1959) 2500 კვა სიმძლავრის დახურული ღუმელი, რ-ის ეკონომიკურმა ეფექტმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა მანამდე ექსპლუატაციაში არსებულ ღუმლებს. მომდევნო წლებში მ-ის მონაწილეობით სსრკ ქ-ნებში დაინერგა სილიკომანგანუმის დახურულ ღუმელში დნობის ტექნოლოგია. მანვე შექმნა ორიგინ. კონსტრუქციის დახურული ელექტროღუმელი.

მ. არის სამეცნ. ნაშრომებისა და ორი გამოგონების ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. იყო საქ. სსრ V, VI და VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები.