მიქელაძე ბაგრატ მიხეილის ძე (1. X. 1877, სოფ. ქილდა, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, – 11. VII. 1937, თბილისი), ერთ-ერთი პირველი ჰიდრომშენებელი საქართველოში. დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი (1894), მუშაობდა ამიერკავკ. რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად, ორთქლმავლის მემანქანის თანაშემწედ. მიიღო რკინიგზის ტექნიკოსის წოდება სანქტ- პეტერბურგის რკინიგზის ინ-ტში (1901). 1901–20 მუშაობდა ბაკურიანისა და ჭიათურა-საჩხერის, ასევე ერევნის, ყარსის, ერზერუმის რკინიგზის შტოების მშენებლობაზე; ხელმძღვანელობდა თბილისისა და გორის სალიანდაგო მეურნეობის კაპიტალურ რეკონსტრუქციას, აგრეთვე კავთისხევის, მეტეხის, უფლისციხის, აგარისა და სხვ. რკინიგზის სადგურების მშენებლობას. მ-ის ხელმძღვანელობით ჩატარდა ერზერუმის სამხ. გზის მიმოკვლევითი სამუშაოები, დაიგო 176 კმ ლიანდაგი (1915–18). მ. მუშაობდა ტყიბულის ქვანახშირის საბადოების მთავარ მმართველად (1920–21); იყო ტყიბულ-შორაპნის წარმოების გამგეობის წევრი და თბილ. აღმასკომის მთ. ინჟინერი (1923), ზაჰესის მშენებლობის სამუშაოთა მთ. მწარმოებელი (1923–1927).
მ. მუშაობდა რიონჰესის მშენებლობის მთ. ინჟინრის მოადგილედ და მთ. ინჟინრად (1927–36). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები; ემსხვერპლა საბჭ. რეპრესიებს.