მიქელაძე ალექსი სიმონის ძე (13. IX. 1926, ახალქალაქი, – 17. VII. 2016, თბილისი), მეცნიერი სამთო გეოლოგიის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987), სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1973; ავტორთა ჯგუფთან ერთად). მ-მ დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამთო ფაკ-ტი (1948) სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების სპეციალობით და იქვე დაიწყო მუშაობა მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრაზე; მონაწილეობდა ჭიათურის მანგანუმის საბადოთა დამუშავების პრობლემების კვლევებში. 1949-იდან პარალელურად მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ლითონისა და სამთო საქმის ინ-ტში (1953-იდან – მეცნიერი თანამშრომელი). 1957–82 იყო გ. წულუკიძის სახ. სამთო საქმის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, წამყვანი ინჟინერი და ლაბორ. ხელმძღვანელი (1969-იდან); 1982–2006 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ში (1985-იდან – პროფესორი); წლების განმავლობაში იყო სამთო-გეოლ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (სამეცნ. ნაწილში). 2006-იდან როგორც აკად. სტიპენდიატი კითხულობდა ლექციებს წიაღისეულის საბადოთა დამუშავებაზე.
მ-ის ნაშრომები ეძღვნება აშლილი საბადოების, დიდ სიღრმეებზე განლაგებული ნახშირის სქელი თვითაალებადი და სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენების დამუშავებას და ფენოვან საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლ. კომპლექსურ-ტექნ. შეფასება-შერჩევას, აგრეთვე საქართვ. ცალკეული რეგიონების მეურნეობის აღდგენა-განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით ა. სკოჩინსკის სახ. სამთო ინ-ტში (მოსკოვი), დონეცკისა და კუზნეცკის აუზების ნახშირის კვლევით ინ-ტებში, ნოვოსიბირსკის სამთო ინ-ტში ჩატარებულია ორიგინ. ლაბორ. კვლევები, მათ შორის ტყვარჩელისა და ტყიბულის საწარმოებში ნახშირის სქელი ფენების დამუშავების ეფექტური ტექნოლ. სქემების გამოსაცდელად და დასადგენად.
მ. არის სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. აქვს 15 გამოგონება; წლების განმავლობაში იყო „სამთო ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.