მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე (15. X. 1867, ქუთაისი, – 20. I. 1928, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1915). რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომის მონაწილე. პორტ-არტურის დაცვის გმირი. დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი (1886) და ალექსანდრეს მე-3 სამხ. სასწავლებელი (1888). 1886-იდან მსახურობდა შავი ზღვის 149-ე ქვეით პოლკში, 1894–1914 – ჟანდარმთა საპოლიციო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო ხარკოვ-ცარიცინოს რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს ადიუტანტი (1894–95), როსტოვ-ვლადიკავკაზის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს კასპიის განყ-ბის უფროსი (1897–1904), იმპ. ალექსანდრე III-ის სახ. პორტში ჟანდარმთა რაზმის მეთაური (1905–06), ენისეის გუბერნიის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი (1910–14). 1912 მიიღო გენ.-მ. წოდება. 1915 გადადგა სამხ. სამსახურიდან. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
მ. გოგიტიძე