მიქელაძე ალექსანდრე (საშა) ილიას ძე

მიქელაძე ალექსანდრე (საშა) ილიას ძე (28. VIII. 1900, თბილისი, – 1985, იქვე), თეატრის რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1965). 1919, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, ბაქოს ქართ. თეატრში პატარა მეურმის როლი შეასულა ი. გედევანიშვილის პიესა „მსხვერპლში“. 1920-იდან სწავლობდა თბილ. პოლიტექ. ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტზე, პარალელურად მონაწილეობდა მუშათა კლუბის წარმოდგენებში, წერდა სტატიებსა და გამოკვლევებს თეატრის შესახებ. 1921 გაზ. „ტრიბუნაში“ გამოქვეყნდა მისი სტატია „ცოტა რამ დრამატულ ხელოვნებაზე“. 1927 დაამთავრა მოსკ. სამხატვრო თეატრთან არსებული დრამ. სტუდია. 1928 თბილისში, ხოლო 1929–30 ქუთაისში ჩამოაყალიბა „მუშა-ახალგაზრდობის თეატრები“. 1945–47 იყო თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც დადგა კ. ტრენიოვის „ლიუბოვ იაროვაია“ და ლ. გოთუას „მეფე ერეკლე“. 1948 თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში დადგა სპექტაკლები: ს. ანტონოვის „ჩვენ ახალგაზრდობა“, ფ. შილერის „ვილჰელმ ტელი“, რ. ქორქიას „მართალი კაცი“ და სხვ. XX ს. 50-იან წლებში თეატრ. ინ-ტში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. აქ დადგმული სასწავლო სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“, ა. ოსტროვსკის „ჭექა-ქუხილი“, ა. მილერის „სეილემის პროცესი“, ა. კრონინის „იუპიტერი იცინის“. თარგმნა პიესები: მ. გორკის „მდაბიონი“, „ვასა ჟელეზნოვა“, ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, ა. კრონინის „იუპიტერი იცინის“ და სხვ.