მიქელაძე აბდულ (ეფენდი) ხასანის ძე

მიქელაძე აბდულ (ეფენდი) ხასანის ძე (1853, სოფ. ძეწმანი, ახლანდ. ქედის მუნიციპალიტეტი, – 1919), საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სახალხო მკურნალის, ხ. მიქელაძის ოჯახში. დაწყებითი განათლება ტრაბზონის სას. სასწავლებელში მიიღო. პ. უმიკაშვილისა და ზ. ჭიჭინაძის დახმარებით შეისწავლა ქართ. წერა-კითხვა და შემდეგ თვითონ ასწავლიდა აჭარლებს. იგი მოღვაწეობდა აჭარის რუსეთთან შეერთების შემდგომ პერიოდში, როცა გამწვავდა სოც-პოლიტ. ბრძოლა პროგრესულ – საქართვ. ორიენტაციის მომხრეთა – და ოსმალოფილ რეაქციონერთა შორის.

მ. 1886-იდან გახდა გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი. იგი საზოგადოებასა და დანარჩენ საქართველოს სწორედ „ივერიის“ მეშვეობით აწვდიდა ხმას (წერდა სოფელში გავრცელებული გადამდები დაავადებისა თუ უამინდობის გამო შექმნილ სირთულეებზე, მადლობას უხდიდა შემომწირველებს და ა. შ.). მ. წერილებში იცავდა ქართ. ენისა და ლიტ-რის თვითმყოფადობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ქართ. სკოლების არსებობას აჭარაში, მ. შ. ქედაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას სთხოვდა, დახმარებოდნენ ქართ. წიგნებით. საზ-ბის გადაწყვეტილებით მას გაეგზავნა სხვადასხვა გამოცემები.

1894 წ. 30 აგვისტოს ი. ჭავჭავაძემ მიიღო მ-ის წერილი და მის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბისთვის შეკრებილი არქეოლ. ნივთები. XIX ს. 90-იანი წლებიდან მ. სულ უფრო ხშირად წერდა „ივერიაში“ ქართ. სკოლების საჭიროების შესახებ. 1902 გადაწყდა სოფ. ქედაში სკოლის აშენება. 1903 ქედის ორკლასიან სასწავლებელში ადგილობრივი ქართვ. მუსლიმების ათი-თორმეტი ბავშვი დადიოდა.

მ. სამკურნალო ბალახებით ამზადებდა წამლებს (ქართული კარაბადინის მიხედვით) და მოსახლეობას უფასოდ ურიგებდა, რის გამოც მას ხალხმა „მკურნალი“ უწოდა.

ხ. ახვლედიანი