მიქელ IV, მიქაელ მირიანის ძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1178–87. მან 1179 თამარი გიორგი III-ის თანამოსაყდრედ აკურთხა. 1184 გახდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლის შემდგომ მან ეს თანამდებობა დაკარგა. აქტიურად უწყობდა ხელს თამარის დაქორწინებას იური ანდრიას ძეზე. მკვლევართა ერთი ნაწილი მ. IV-ს რეაქციონერ დიდგვაროვანთა ჯგუფის წარმომადგენლად მიიჩნევს. თამარ მეფე ცდილობდა მის გადაყენებას პატრიარქობიდან, რის გამოც მოიწვია საეკლ. კრება, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით კი იგი იყო გიორგი III-ის მხარდამჭერი და ამ ერთგულების გამო მეფემ ნიკოლოზ I გულაბერისძის გადადგომის შემდეგ კათოლიკოსად დანიშნა. მემატიანის ცნობით მ. IV სიყვარულითა და ავტორიტეტით არ სარგებლობდა.
წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, იქვე.
ლიტ.: ანთელავა ი., მიქელ მირიანის ძე და 1184–1191წწ. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, „საისტორიო კრებული“, 1977, №7; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 7, თბ., 1974; მეტრეველი რ., დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ი. ანთელავა