მიქატაძე შოთა ვლადიმერის ძე

მიქატაძე შოთა ვლადიმერის ძე (12. III. 1905, სოფ. ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 22. IV. 1979, თბილისი), მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1963). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1930); იყო ი. ნიკოლაძის მოწაფე. 1934-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1963-იდან – პროფესორი). იყო ქართველ ხელოვანთა საზ-ბის წევრი. ძირითადად მონუმენტალისტია. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „კოლმეურნე“ (1932, მარმარილო; მსოფლიო გამოფენა, პარიზი). კინოთეატრ რუსთაველის გვერდით ფასადზე ფიგურა „ალპინისტი“ (1939, თბილისი); „შვილის პორტრეტი“ (1942, მარმარილო, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი), ი. სტალინის ძეგლი (1952, ბრინჯაო, გორი; აიღეს 2010), ილია და აკაკი (სკულპტურული კომპოზიცია; 1958, ბრინჯაო, თბილისი. ა. წერეთლის ფიგურის ავტორია ვ. თოფურიძე); შრომა, მეცნიერება, ტექნიკა (სკულპტურული კომპოზიცია; ვ. თოფურიძესთან ერთად, თუჯი, 1958, აიღეს 1989); ვ. ი. ლენინის ძეგლები: ოზურგეთი (1956; აიღეს 1990); ვიბორგი (1957, რფ); ნიკოლაევი (უკრაინა, 1957, აიღეს 2014), გომელი (1958, ბელარუსი); ნ. კალანდარიშვილი (1960, ბრინჯაო, ოზურგეთი; აიღეს 1989); ი. ჭავჭავაძე (1961, ბრინჯაო), კომპოზიცია „გაზაფხული“ (1970); „დავით აღმაშენებელი“ (1976, თაბაშირი) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თბილისში არის შ. მიქატაძის ქუჩა.