მიქავა უტუ ჯოტოს ძე

მიქავა უტუ ჯოტოს ძე (1812, სოფ. ფუკი, ახლანდ. სოფ. მიქავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – დაახლ. 1878), სამეგრელოს გლეხთა აჯანყების 1856_57 მეთაური. 15 წლისა დაეუფლა ზეინკლისა და მჭედლის ხელობას. დაახლ. XIX ს. 50-იან წლებში საჩიჩუეში (წალენჯიხის მუნიციპ.) გადასახლდა და განაგრძო თავისი საქმიანობა. გლეხთა აჯანყების დაწყებისთანავე მიემხრო აჯანყებულებს. მაისში გლეხებმა მ. საერთო ხელმძღვანელად აირჩიეს. 12 მაისს აჯანყებულებმა ზუგდიდი აიღეს. სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუს. ხელისუფლებას მიმართა. 20 მაისს გენ. ნ. კოლუბიაკინი აჯანყებულებს შეხვდა. მ-მ მას გლეხთა მძიმე მდგომარეობა და აჯანყების ნამდვილი მიზეზი მოახსენა; ამასთანავე 8-მუხლიანი მოთხოვნა გადასცა. კოლუბიაკინის მოთხოვნით გლეხები დაიშალნენ, მაგრამ იარაღი არ დაყარეს. მათი მღელვარება გაგრძელდა, მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო და აჯანყება დამარცხდა. შეიპყრეს აჯანყების მეთაურები. მათთან ერთად – მ-ც, სოფლებში კი ეგზეკუცია ჩააყენეს. 1857 ნოემბერს მ. რუს. ხელისუფლებამ არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლა. 1867 იანვარში სასჯელმოხდილი თბილისში ჩამოიყვანეს, ხოლო ბატონყმობის გაუქმების შემდეგ თავის სოფელში დაბრუნების ნება დართეს. თანასოფლელებმა მ. მამასახლისად აირჩიეს, შემდეგში კი ისევ მჭედლობასა და მეურნეობას მიჰყო ხელი.

წყარო: ჭეიშვილი ი., მასალები სამეგრელოს 1857 წლის აჯანყების მონაწილეთა შესახებ, «საისტორიო მოამბე», 1925, ტ. 2.

ლიტ.: ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1854–1861, ტფ., 1934; ლემონჯავა დ., გლეხთა აჯანყება სამეგრელოში 1856–1857, თბ., 1957; სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა), თბ., 2021; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970.

გ. ნარსია