მიქაელ მწერალი, XI ს. კალიგრაფი. 1054 გადაწერა ოთხთავი (კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი – S-962) – იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი წიგნი. მისი სახელი იკითხება 265-ე ფურცლის წინა გვერდის ბოლოში. პატარა ფორმატის ხელნაწერი წიგნი (14,5X11,4 სმ) ძალიან იყო დაზიანებული. ამჟამად აღდგენილია. სულ 266 ფურცლისაგან შედგება. ეტრატზე ასომთავრულით, 2 სვეტად, ყავისფერი მელნით ნაწერი ტექსტი ოსტატის დახვეწილ ხელოვნებაზე მიუთითებს. ლამაზი ასოები პროპორციული და მკაფიოა, სიტყვებს შორის ოქროსფერი წერტილებია, ზოგი საზედაო ასო მორთულია. ტექსტს ამკობს მაღალი გემოვნებით შესრულებული თავსამკაულები. მ. მ. გამოირჩევა კოლორიტის ფაქიზი გრძნობით. მაღალი ოსტატობითაა შესრულებული წყვილ-წყვილი სვეტებით გაფორმებული კამარები, რ-თაც წიგნის პირველი 6 გვერდი უჭირავს. ეს უკვე მდიდრულად გაფორმებული და მხატვრულად დასრულებული კომპოზიციებია.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.