მიქაელ მოდრეკილი, X ს. პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი; შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი ტიპის მეხური იადგარისა, რ-ის ხელნაწერი (S-425) უნიკალურია, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით და წარმოადგენს X ს. ქართ. წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს. კრებული შედგენილია 978–988 წლებში შატბერდის მონასტერში. თავდაპირველად მასში 1264 გვერდი უნდა ყოფილიყო (გარდა ბოლო ნაწილისა, რ-იც დაკარგულია), ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი. ხელნაწერის უდიდესი ნაწილი, რ-იც დახვეწილი კალიგრაფიითა და ფაქიზი მხატვრული გემოვნებით გამოირჩევა, გადაწერილია მ. მ-ის მიერ, დანარჩენი გადაუწერიათ ანონიმ გადამწერსა და ეფთვიმეს. გარდა მდიდარი დეკორისა (ორნამენტული თავსამკაულები და მოხატული საზედაო ასოები), იადგარში წარმოდგენილია უძვ. პორტრეტული ჯგუფი – იოანე მტბევრისა და ბასილი კესარიელის მინიატიურული გამოსახულებანი. კრებულის შედგენილობაა: ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, სათვეო, ანუ საწელიწადო ნაწილი, დასდებელნი სულისანი, საუფლოთა სახმარნი ფარაფთონი. მ. მ-მა თავი მოუყარა იმ დროისათვის ქართ. მღვდელმსახურებაში გავრცელებულ მთელი წლის მეხურ საგალობლებს (ორიგინალურსა და ნათარგმნს) – როგორც ქართვ. (მ. მ., იოანე მტბევარი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე-ჭყონდიდელი, ეზრა, იოანე ქონქოზისძე, ბასილი, კურდანაჲ, მერჩულე), ისე ბერძენ (ანდრია კრეტელი, კოზმა იერუსალიმელი, იოანე დამასკელი, თეოფანე, ეფრემი) ავტორთა ჰიმნებს. ბერძნულიდან თარგმნილი საგალობლების უდიდესი ნაწილი ავტორების გარეშეა წარმოდენილი. მ. მ-ის კრებულის ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი მთლიანად და საგალობელთა დიდი ნაწილი ნევმირებულია. მრავალრიცხოვანი ლიტურგიკული შენიშვნები, რ-ებიც მიმართულია მგალობლებისა და მღვდელმსახურებისადმი მათი დამოძღვრისა და განსწავლის მიზნით, გვაფიქრებინებს, რომ კრებული სასწავლო დანიშნულების უნდა ყოფილიყო. ამით არის განპირობებული ისიც, რომ ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, რ-ებიც გალობათა რიტმულ-მელოდიურ მოდელებს შეიცავს, ქარაგმაგახსნილად არის წარმოდგენილი. ეს ტექსტის ხმოვნებზე ნევმების (ნიშნების) სწორი განაწილების საშუალებას იძლევა, რაც აუცილებელია გალობის კილოს ზუსტი ფიქსირებისათვის. იადგარის ერთ-ერთ ანდერძში მ. მ. საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კრებულში შეტანილი გალობანი დაწერილია „სისწორითა კილოსაჲთა“. მ. მ-ის კრებულის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიცაა, რომ პალესტინური ტიპის ამ იადგარის ბერძნ. მოდელი, რ-იც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბიზანტიის აღმ. პროვინციებში IX–X სს-მდე, დაკარგულია და მის შედგენილობაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ქართ. იადგარის საშუალებით.
მ. მ. მუსიკოსიც ყოფილა – მას აქვს საკუთარ ძლისპირებზე აგებული საგალობლები.
ლიტ.: ალიბეგაშვილი გ., სირაძე რ., სულავა ნ., ქართული ლიტერატურა, ტ. 1 (V–XVIII სს.); თბ., 2013; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, თბ., 1954; სულავა ნ., ტაო-კლარჯეთის ჰიმნოგრაფიული სკოლის ისტორიიდან. «ჯვარი ვაზისა», 2005, №2; ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა (გამოკვლევა, ტექსტები), თბ., 2018.
ე. მეტრეველი