მიქაელ მაღლაკელი

მიქაელ მაღლაკელი, XII ს. I ნახ. მხატვარი. მისი მოხატულია ზემო სვანეთის სოფ. მაცხვარიშის ეკლესია (ლატალის თემი). მხატვრის გვარი თითქოსდა იმერეთის სოფ. მაღლაკიდან მის წარმოშობაზე უნდა მიანიშნებდეს, მაგრამ თვით მოხატულობის ხასიათით იგი სვანეთის ფერწერული სკოლის მკაფიოდ გამოხატული წარმომადგენელია.

მაცხვარიშის ეკლესია X–XI სს. ერთნავიანი ნაგებობაა. მას თავდაპირველად სამმხრივ გარშემოსავლელი ჰქონდა (ამჟამად მხოლოდ სამხრ. ნაწილია დარჩენილი). ეკლესიის მოხატულობა ზუსტად თარიღდება ტაძარში შემონახული რამდენიმე საქტიტორო წარწერით. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს (1140) „ხელითა მიქაელ მაღლაკელისათა“. ეკლესიის ნავი კედელ-კამარიანად მოხატულია. მხატვრობის პროგრამა ძირითადად ტრადიციულია სვანეთის ეკლესიებისათვის. საკურთხეველში გამოსახულია ვედრება, მის ქვემო რიგში მოციქულთა ფიგურებია, ნავის კედლები და კამარა ქრისტეს ცხოვრების სცენებს უჭირავს (3 რეგისტრად). განსაკუთრებით საყურადღებოა ქვედა რეგისტრი, სადაც გამოსახულია სვანეთის კედლის მხატვრობისათვის დამახასიათებელი სამი წმინდა მხედარი. მნიშვნელოვანია ჩრდ-ის კედლის მარცხ. თაღის არეში დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალის გამოსახულება. ჯგუფური პორტრეტის შუაში მეფის ფიგურაა, რ-საც გვირგვინს ადგამს ანგელოზი, ქრისტე კი აკურთხებს, ორი ფეოდალი მას წელზე ხმალს არტყამს. ამ მოხატულობაში გადმოცემულია საქართვ. მეფეთა კურთხევის თავისებურება – მეფისათვის ხმლის გადაცემის ტრადიცია. მსგავსი სცენა საქართვ. კედლის მხატვრობაში არსად გვხვდება. მხატვრულ-სტილისტიკური თვალსაზრისით მ. მ-ის მხატვრობა გარდატეხის ეპოქას (XI–XII სს.) განეკუთვნება. არსებითად იგი XI ს. მონუმენტური კედლის მხატვრობის ტრადიციებს აგრძელებს. შენარჩუნებულია ცალკეული კომპოზიციების დიდი ზომა. მხატვარი ფიგურებს მონუმენტური, განზოგადებული ფორმებით გადმოსცემს, მათი მოძრაობა დინჯი და თავდაჭერილია, დგომა – მყარი და ბუნებრივი. იგრძნობა შინაგანი დინამიკა, თუმცა ეს უკანასკნელი ხაზგასმული არ არის. ამასთან ერთად საყურადღებოა XII–XIII სს. დეკორ.-მონუმ. ფერწერის სტილის ნიშნები. მხატვრობა, ერთი მხრივ, ატენის სიონის, მეორე მხრივ კი ყინწვის-ტიმოთესუბან-ბეთანიის მოხატულობის ნიშნებს ამჟღავნებს. კოლორიტის თვალსაზრისით მხატვარი იყენებს ორი ძირითადი ფერის – რუხისა და მოწითალო ყავისფრის ნიუანსებს; შესრულების ერთგვარი სიბრტყობრივი ხასიათი და კუთხოვანი ნახატი მიქაელის შემოქმედებაში არქაული ტენდენციების მაჩვენებელია. ნახატები გრაფიკულია. მ. მ. შეიძლება მიჩნეული იყოს XII ს. I ნახ-ის ერთ-ერთ თვალსაჩინო მხატვრად.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; ყენია რ., ალადაშვილი ნ., ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება) გზამკვლევი, თბ., 2000; Вирсаладзе Т.Б., Фресковая роспись художника Микаела Маглакели в Мацхвариши, „ქართული ხელოვნება“, 1955, ტ. 4.

თ. გერსამია