მიქაელი, XII–XIII სს. მინიატიურისტი, ე. წ. ჯრუჭის მეორე სახარების ერთ-ერთი დამსურათებელი. სახარება (კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი – H-1667) XII–XIII სს. ქართ. ხელოვნების შესანიშნავი ძეგლია. იგი შემკულია რამდენიმე ოსტატის ხელით შესრულებული 334 მინიატიურით. მათი უმეტესობის ვინაობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა ერთ მინიატიურაზე (გვ. 180, უკანა გვერდი) ს. ბარნაველმა ამოიკითხა მხატვრის სახელი „მიქაელ“. მას რამდენიმე მინიატიურას აკუთვნებენ. მ. ამ ხელნაწერის დამსურათებლებს შორის საუკეთესო ოსტატი იყო. მას სხვა მხატვრებისაგან გამოარჩევს ნათელი, სუფთა და გამჭვირვალე, ძირითადად მხიარული ფერების გამა. მთავარი შეხამებაა: ოქროსფრისა შავთან ან შოკოლადისფერთან, მკრთალი ოქროსფრისა – წაბლისფერთან, დარიჩინის ფერისა – ცისფერთან, მოლურჯო-ნაცრისფრისა – ცისფერთან; აქცენტი – სინგურის ცეცხლისფერისებრი, ოდნავ მოვარდისფრო ლაქა. მინიატიურების ფონი ოქროსფერია, ნიადაგი – ძირითადად მომწვანო-ცისფერი. მხატვარი ორნამენტის დიდოსტატია, რ-იც გამოირჩევა არა მარტო ხაზების სილამაზით, არამედ ფერების დახვეწილი ჰარმონიით.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.