მიქაელი

მიქაელი, IX ს. კალიგრაფი. მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში. 897 მონასტრის წინამძღვრის, სოფრონ შატბერდელის შეკვეთით გადაწერა სახარება (ქართ. სახარება უძველესი დათარიღებით), რ-იც ადიშის სახარების სახელითაა ცნობილი (ინახება სვანეთის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში, მესტია). ადიშის სახარება დიდი ზომის წიგნია (38X32 სმ), ტექსტი შესრულებულია მრგლოვანით 2 სვეტად, გამოყენებულია შავი მელანი, მასალად – ეტრატი. პირველ ფურცელზე გამოსახულია ჯვარი ოთხყურა ფიგურის სახით, იქვე, კუთხეებში, მახარებელთა წელზევითი სურათებია; მეორე ფურცლის წინა გვერდზე მარკოზ მახარებელია გამოსახული (დამჯდარი წერს), უკანა გვერდზე – ფეხზე მდგომი ლუკა და იოანე. შემდეგ სამ ფურცელზე 5 კამარაა კანონების ტექსტით, უკანასკნელ კამარაში ქართ. კანკელის გამოსახულებაა ჩართული. წითლად და ლურჯად შეფერილი ყველა ეს ნახატი ძირითადად მელნითაა შესრულებული. რ. შმერლინგი აღნიშნავს, რომ აქ გამოსახულებათა ადრინდელ ტიპთან გვაქვს საქმე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული კანონიკური რედაქცია. ასეთი რამ მხოლოდ თითო-ოროლა უძველეს ხელნაწერში გვხვდება. თვით ტექსტის შესრულება მოწმობს, რომ მ. თავისი საქმის დიდოსტატი იყო. ფურცლები მოკლებულია ყოველგვარ სამკაულს, გვხვდება მხოლოდ მოურთავი უბრალო ინიციალები; წიგნის სილამაზეს მხოლოდ ნაწერი შეადგენს – ძალიან მსხვილი, მასიური ასოები თანაბარ სვეტებს ქმნის.

იხ. აგრეთვე სტ. ადიშის ოთხთავი.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.