მიქაელი

მიქაელი, ქართლის კათოლიკოსი VII ს. შუა ხანებში. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლ. კრებამ (680–681) ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია დაუდასტურა და მირონის დამზადების უფლება დართო (დაახლ. 682), „ღვთივგვირგვინოსანი მეფე არჩილის“ (იგივე ქართლის ერისმთავარი არჩილ II ფარნავაზიანი) ბრძანებით და ქართლის კათოლიკოს მ-ის ლოცვა-კურთხევით სვეტიცხოველში „წმინდაჲ მირონი“ უკურთხებიათ. ეს ერთადერთი ცნობაა, სადაც მ. კათოლიკოსად იხსენიება. ძვ. ქართ. წყაროებში („მოქცევაჲ ქართლისაჲს,“ ქრონიკა, „ქართლის ცხოვრების“ შესაბამისი თხზულებები) მ-ს მოუხსენებლობა შეიძლება მისი მონოთელიტური მრწამსით იყოს განპირობებული. როგორც ვარაუდობენ (ზ. ალექსიძე), კავკასიის ეკლესიების მრწამსი იმხანად მონოთელიტური იყო, რის გამოც, როგორც კირიონ I [იხ. კირონ (კირიონ) I] კათოლიკოსის, ისე მ-ის სახელიც ამოშლილია ძვ. ქართ. წყაროებიდან და მხოლოდ მირონის კურთხევის ცნობაშია შემორჩენილი.

წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 2, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1965.

ლიტ.: გოილაძე ვ., როდის დაწესდა მირონის კურთხევა საქართველოში, „მნათობი“, 1992, # 11-12; მისივე, მირონის კურთხევის დაწესება საქართველოში, თბ., 2008; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1 , თბ., 1960; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ; 2009.

ვ. გოილაძე