მიქაელ I

მიქაელ I, ქართლის მთავარეპისკოპოსი V ს. 50-60-იან წლებში. ბიზანტიიდან ვახტანგ გორგასლის აღმზრდელ-მასწავლებლად მოწვეული ბერძენი სას. პირი. ჯუანშერის მიხედვით, ქართლის საეპისკოპოსო კათედრა დაიკავა ეპისკოპოს მობიდანის გარდაცვალების შემდეგ („მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მის წინამორბედ ეპისკოპოსად იოველ I-ს ასახელებს). მ. I იღვწოდა ქრისტიანობის განმტკიცებისათვის, ენერგიულად ებრძოდა ქართლში ფეხმოკიდებულ სხვადასხვა ერესს და მაზდეანობას, დაწვა მობიდანის ერეტიკული წიგნები. მ. I-მა მეფის წინააღმდეგ „ამბოხება და მიზეზობა“ მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიტყო ვახტანგ გორგასლის სურვილი, მომავალში ქართლის ავტოკეფალური ეკლესის პირველ კათოლიკოსად პეტრე დაედგინა. მათ შორის უთანხმოება ისე გამწვავდა, რომ განაწყენებულმა ეპისკოპოსმა მასთან საამბორებლად მისულ ვახტანგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ კადნიერებისათვის მ. I კონსტანტინოპოლში გააგზავნეს, საიდანაც „ექსორია ყვეს“ „მონასტერსა მღვიძართასა“.

წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილის და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.

ლიტ.: ლომინაძე ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII–XII საუკუნეების საქართველოში, წგ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; ლორთქიფანიძე მ., ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1979; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1973; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად. ტ. 1).