მიქაელ ატალიატე (Michael Attaleates) (დაახლ. 1030/35–86), ბიზანტიელი ისტორიკოსი. წარმოშობით მცირე აზიიდან იყო. მ. ა. XI ს. 40-იან წლებში კონსტანტინოპოლში დასახლდა და ვექილობას მიჰყო ხელი. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა – იყო უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი, პატრიკიოსის შემდეგ მიიღო მაგისტროსისა და პროედროსის პატივი. ავტორია რამდენიმე თხზულების, მ. შ. მნიშვნელოვანი ნაშრომია „ისტორია“, რ-იც მიუძღვნა კეისარ ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078–81). მასში აღწერილია 1034–79 ამბები (ს. ყაუხჩიშვილის აზრით, მოგვითხრობს 1034 წინანდელ ამბებსაც). იგი გვაწვდის საინტერესო ცნობებს XI ს. საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობაზე, აგრეთვე XI ს-ში ბიზანტიის საზ-ბაში გავრცელებულ ვერსიაზე ესპანეთის იბერებისა და საქართვ. იბერების ნათესაობის შესახებ; აღწერს ლიპარიტ ბაღვაშის, როგორც ბიზანტიის ჯარის სარდლის, მონაწილეობაზე თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რ-შიც თურქებმა გაიმარჯვეს, ლიპარიტი დაატყვევეს და სულთან თოღრულ-ბეგს მიჰგვარეს. სულთანმა, როდესაც მისი გვარიშვილობა შეიტყო, ტყვეობიდან გაათავისუფლა „და ყველაფერი ის, რაც მან ომში დაკარგა, მრავალკეცად აღუდგინა და მისცა“. აღწერს ასევე მეფე გიორგი I-ის აჯანყებას (1022–23) კეისარ ბასილ II-ის წინააღმდეგ, ქართველების დამარცხებას, ბიზანტიელებთან დაზავებას და ბიზანტიაში მძევლად მეფის ვაჟის, ბაგრატის (ბაგრატ IV) გაგზავნას.
წყარო: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.
ნ. ლომოური