მიქაბერიძე რუსლან გრიგოლის ძე (24. VIII. 1939, ხარკოვი, უკრაინა, – 16. XII. 2020, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1981), 1960–62 სწავლობდა თბილ. მხატვრული თვითმოქმედების კულტ-საგანმან. სასწავლებელში. 1969 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1960–70), მარჯანიშვილის (1971–72), რუსთაველის (1972–2020) თეატრებში. შესრულებული როლები: მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში – შურა (ს. მიხალკოვის „სომბრერო“), ვალენტინე (უ. შექსპირის „მეთორმეტე ღამე’’), სპირიდონი (ვაჟა-ფშაველას „სათაგური“), მეზღაპრე (ჰ. ანდერსენის „თოვლის დედოფალი“) და სხვ.; მარჯანიშვილის თეატრში – პეტრონიუსი (ჯ. ფლეტჩერის „ჭირვეული ქმრის მორჯულება“), ბენ იოხაი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), არჩილი (ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა“) და სხვ.; რუსთაველის თეატრში – ხაჟომია (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი’’), გლებ რიაბინინი (ი. დვორეცკის „უცხო კაცი“), შუისკი (ა. ტოლსტოის „ივანე მრისხანეს სიკვდილი“), კაპულეტი, ბრენი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „რიჩარდ III“), პირველი აბჯროსანი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), კრეონი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), გრიგოლი (მ. ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“) და სხვ.
მ-ის კინოდებიუტი შედგა უზბეკურ ფილმში „თეთრი, თეთრი ყარყატები“ (რეჟ. ა. ხამრაევი, 1967). მნიშვნელოვანი როლებია: ჯოტო გვასალია („მთვარის მოტაცება“, რეჟ. თ. მელიავა, 1973), შვანგირაძე („დათა თუთაშხია“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), შალვა ხეთერელი („ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რეჟ. გ. შენგელაია, 1984), ავტობუსის მძღოლი („ნეილონის ნაძვის ხე“, რეჟ. რ. ესაძე, 1985). კოლორიტული სახეები შექმნა ფილმებში: „მიმინო“ (გივი ივანოვიჩი; რეჟ. გ. დანელია, 1977), „თეირანი – 43“ (ტერორისტი; რეჟ-ები ა. ალოვი, ვ. ნაუმოვი, 1981), „ჩეგემური დეტექტივი“ (ბახუტი; რეჟ. ა. სვეტლოვი, 1986), „პასპორტი“ (მუსტაფა; რეჟ. გ. დანელია, 1990) და სხვ. ეპიზოდური როლები აქვს შესრულებული სხვადასხვა ფილმში („მაცივარში ვიღაც იჯდა“ „მიდიოდა მატარებელი“ და სხვ).
მ. ავტორია ლექსების, ეპიგრამებისა და პაროდიების.