მიქაბერიძე კონსტანტინე (კოტე) არჩილის ძე (31. VII. 1896, ქ. ტემრიუკი, ახლანდ. ყუბანი, – 9. I. 1973, თბილისი), კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი. ქართვ. კინომსახიობთა პირველი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1919 ქუთ. „ახალგაზრდა მსახიობთა დასში.“ 1920 გადმოვიდა თბილისში, სწავლობდა ა. ფაღავას დრამ. სტუდიაში, მონაწილეობდა „ქართული დრამის“ სპექტაკლებში. საინტერესო სახეები შექმნა ფილმებში: „არსენა ჯორჯიაშვილი“ (მუშა-რევოლუციონერი, 1921), „სამი სიცოცხლე“ (ციმბირელი, 1924), „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“ (სპირიდონ მცირიშვილი, 1925) სამივეს რეჟ. ი. პერესტიანი, „ვინ არის დამნაშავე?“ (სიკო, 1925), „ხანუმა“ (კოტე, 1926; ორივეს რეჟ. ა. წუწუნავა), „ორი მონადირე“ (მგელიკა, რეჟ. ა. წუწუნავა, 1927), „ბოშური სისხლი“ (რეჟ. ლ. პუში, 1928), „უკანასკნელი მასკარადი“ (ქართველი მენშევიკი, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1934), „აკაკის აკვანი“ (პაპუნა, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1947). მ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. კინოს განვითარებაში. 1929 გადაიღო ავანგარდული ფარსი – ბიუროკრატიზმის წინააღმდეგ მიმართული ორიგინ. სატირული კომედია „ჩემი ბებია“, რ-ის მხატვრულ გადაწყვეტაშიც აისახა იმდროინდელი საქართვ. მაღალი მოდერნისტული კულტურა (ფილმი აკრძალეს. აღდგენილი ვერსია გამოვიდა 1975). თავისივე სცენარით დადგა ექსპერ. მხატვრული ფილმი „ქაჯეთი“ (შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ეპიზოდი, 1936). გადაიღო ფილმები: „ჰასანი“ (1932), „დაგვიანებული სასიძო“ (1939), „ფორფოსტი“ (1941). მისივე სცენარითაა გადაღებული ფილმი-ზღაპარი „ცისკარა“ (რეჟ. ს. ჭელიძე, 1955). როგორც სცენარისტი და რეჟისორი მუშაობდა ანიმაციურ („ზურიკო და მარიკო“, 1952) და დოკუმენტურ კინოში. 1956 ანტისახელმწიფოებრივი ქმედების (საპროტესტო წერილი ნ. ხრუშჩოვს) ბრალდებით დააპატიმრეს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მუშაობდა დუბლიაჟის რეჟისორად.
მ. კერესელიძე