მიქაბერიძე ალექსანდრე სერგის ძე [10 (23). II. 1903, ბაქო, − 8. VII. 1972, თბილისი), ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). დაამთავრა თსუ ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით (1927). იმავე წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკ. რკინიგზის ელექტრიფიკაციის სამმართველოში ტექ. განყ-ბის ინჟინრად, შემდეგ – დისტანციის განყ-ბის უფროსად, უბნის უფროსად და ელექტრიფიკაციის სექტორის უფროსად.
მ-ის ხელმძღვანელობით აიგო პირველი 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ზაჰესიდან რიონჰესამდე (1933–34), რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართვ. ენერგოსისტემის შექმნას. მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დროს ხელმძღვანელობდა სამხ. მნიშვნელობის ენერგოობიექტების მშენებლობას. ომის შემდეგ დაევალა 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ხრამჰესი-თბილისის მშენებლობა (სტალინური პრემია 1951, ჯგუფთან ერთად); იყო საკავშ. ტრესტ „კავკასელექტროქსელმშენის“ მმართველი (1948–71). მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აშენდა 330 კვ ელექტროგადამცემი ხაზები დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩრდ. ოსეთში; დას. უკრაინაში (კარპატებში) კი – 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზი (ბურშტინ-მუკაჩევოს 130 კმ მთიანი უბანი). მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოში პირველი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის თბილსრესი – ზესტაფონის მშენებლობა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკების ენერგეტიკის განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.