მიქაბერიძე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1866, სოფ. ყუმისთავი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 1943), მწერალი, პედაგოგი. დაამთავრა ქუთ. გიმნაზია, შემდეგ ვარშავის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თბილ. და ქუთ. გიმნაზიებში მუშაობდა მასწავლებლად. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდების შემუშავებაში, რისთვისაც დააპატიმრეს. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მდივანი. XIX ს. 90-იანი წლებიდან თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან („კვალი“, „ივერია“, „განათლება“, „მოამბე“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“). მ-ს ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები („მამას სანთელი გაუქრება“, „უდანაშაულო მსხვერპლი“, 1895; „სამშობლოსათვის თავდადებულნი“, 1899; „სამშობლოს სიყვარული“, 1900); თარგმანები, ქართვ. მწერლებისა და საზ. მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ნაშრომები („მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე“, 1937; „სილოვან ხუნდაძე“, „შიო ჩიტაძე“). შეადგინა „ელინური მითები“ (ნაწ. 1–2, 1938–49), ჰომეროსის პოემების მიხედვით – „ტროადის ომი“ და „ოდისეა“ (1937), ოვიდიუსის მიხედვით – „მეტამორფოზები“.
მ. წერდა „პელაგიაშვილისა“ და „ყუმისთაველის“ ფსევდონიმებით.
ლიტ.: მწერალთა ავტობიოგრაფიები, წგ. 1, თბ., 2013; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 2, თბ., 1955; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი, წგ. 1, თბ., 1961.
ნ. ალანია