მიუფკე კონსტანტინე კარლის ძე [24. X (6. XI). 1903, ყაზანი, – 26. I. 1968, თბილისი], თეატრის მსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1950). 1927 დაამთავრა სარატოვის თეატრ. ტექნიკუმი. მუშაობდა სარატოვის, ვორონეჟის, კიევის, დნეპროპეტროვსკის რუს. დრამ. თეატრებში. 1934-იდან თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის მსახიობია. სხვადასხვა სპექტაკლში შეასრულა როლები: ვოჟევატოვი, ლინევი (ა. ოსტროვსკის „უმზითვო’“, „მგლები და ცხვრები“), სორინი (ა. ჩეხოვის „თოლია“), პროტასოვი (მ. გორკის „მზის შვილები“), პროფესორი გორნოსტაევი (კ. ტრენიოვის „ლიუბოვ იაროვაია“), შვაჩი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), რანგო (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“); აგრეთვე მონაწილეობდა ნ. პოგოდინის პიესების („კრემლის კურანტები“ და „თოფიანი კაცი“) დადგმებში. კინოფილმში „დიადი განთიადი“ შეასრულა ლენინის როლი. მ. ავტორია პიესისა – „ხვალინდელი დღე ჩვენი იქნება“, რ-შიც წარმატებით შეასრულა სემის როლი.
გ. ბუხნიკაშვილი