მიურატი აშილ შარლ ლუი ნაპოლეონი

მიურატი აშილ შარლ ლუი ნაპოლეონი (2. I. 1847, ბორდენტაუნი, ნიუ-ჯერსი, აშშ, – 27. II. 1895, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფრანგი მეწარმე. დაამთავრა სამხ. სასწავლებელი ლეიტენანტის წოდებით. მ. იყო ნაპოლეონ I-ის მარშლისა და სიძის, ნეაპოლის ყოფილი მეფის – იოაჰიმ მიურატის შვილიშვილი. 1868 დაქორწინდა სამეგრელოს მთავრის – დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილ სალომეზე (იხ. დადიანი-მიურატი სალომე). სამხედრო კარიერა განაგრძო ალჟირში. წყვილს ჰყავდა სამი შვილი: ლუსიენ შარლ დავითი (1870–1913, დაიბადა ალჟირში), ნაპოლეონ ლუი აშილი (იხ. მიურატი ლუი ნაპოლეონ აშილი) და ანტუანეტა (ბებე) კატერინა (1879–1954). მ. საფრანგეთ-პრუსიის ომის (1870–71) დროს იყო საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის ფლიგელ-ადიუტანტი და სედანის ბრძოლაში (1870) მასთან ერთად ტყვედ ჩავარდა. ნაპოლეონ III-ის გარდაცვალების (1873) შემდეგ მ. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში, სამეგრელოში გადავიდა, სადაც სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, გახსნა სკოლები და აფთიაქები, ააშენა გზები და ეხმარებოდა ღარიბებს. ზუგდიდის (სადაც ჰქონდა კანცელარია და ჰყავდა საქმეთა მმართველი – ინტენდანტი) გარდა ოჯახი ცხოვრობდა სალხინოსა და ჭკადუაშში. აქ ვრცელ ფართობზე გააშენა უცხოური (მეტწილად ფრანგული – კაბერნე და ფორტუგე) და ადგილობრივი (ოჯალეში) ვაზის ჯიშების ვენახები. ჭკადუაშში ღვინოს ინახავდნენ მიწისქვეშა სარდაფში, ხოლო სალხინოში – ორ მარანში. ჭკადუაშში ჰქონდათ ჩანებისა და კასრების (მუხის ტკეჩის) დამამზადებელი საბონდერო საამქრო, ღვინის დასამუშავებელი წნეხები, დგუშები, კლერტსაცლელები, აგრეთვე სპირტსახდელი. ღვინის გამოხდის შემდეგ საკონიაკე სპირტს აძველებდნენ. ღვინის რეალიზაცია ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იგზავნებოდა რუსეთსა და ევროპაში. ამ ღვინოებს საერთაშ. გამოფენებზე მედლები და სიგელები ჰქონდა მიღებული.

მ. გარდაიცვალა მოულოდნელად. დაკრძალეს ჭკადუაშის კათოლიკური ეკლესიის ეზოში, სადაც 1975 გაიხსნა მემორიალური დაფა.