მიულერი (Müller) მაქს

მიულერი (Müller) მაქს (6. XII. 1823, დესაუ, გერმანია, – 28. X. 1900, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი), ინგლისელი ენათმეცნიერი, ორიენტალისტი და რელიგიის ისტორიკოსი. ლექციებს ისმენდა ლაიფციგისა და ბერლინის უნ-ტებში. შეისწავლა სანსკრიტი, იკვლევდა „რიგვედას“ ტექსტებს. 1850-იდან ოქსფორდის უნ-ტში კითხულობდა ლექციებს შედარებით ენათმეცნიერებასა და ლიტმცოდნეობაში. მნიშვნელოვანი ნაშრომები მიუძღვნა შედარებით მითოლოგიასა და რელიგიათმცოდნეობას.

ენათა ნათესაობის საკითხებზე მუშაობისას, მ-მა კავკ. ენები თურანულ ენათა ოჯახს მიაკუთვნა (1854), საწინააღმდეგოდ გერმ. ენათმეცნიერის, ფ. ბოპისა, რ-იც ქართველურ ენებს ინდოევროპულ ენათა ოჯახში მოიაზრებდა (1847).

მ-მა ენები გრამატ. აგებულების მიხედვით დააჯგუფა. გამოყო სამი ოჯახი: სემიტური, არიული (ანუ ინდოევროპული) და თურანული. თურანულში შევიდა ყველა ის ენა, რ-იც პირველ ორ ჯგუფში არ მოხვდა, მ. შ. – კავკ. ენებიც. მ-მა ამ ჯგუფის ენათა საერთო თვისებად მიიჩნია აგლუტინაციურობა, სწრაფი ცვალებადობა და ის, რომ ისინი მომთაბარე ხალხთა ენებია. მისი შეფასებით, კავკასიური ენები „თურანული ოჯახის გაფანტული წევრებია“. მ. ემყარებოდა მ. ბროსესა და გ. როზენის შრომებს. არ ჰქონდა ენათა ნათესაობის მეთოდური დასაბუთება, ქართველები მოსულ ხალხად მიაჩნდა, მთის კავკ. ხალხები კი – მკვიდრად. გვიანდელ ნაშრომებში მ-ს კავკ. ენები აღარ შეუყვანია თურანულ ენათა ოჯახში.

თხზ.: The Language of the Seat of War in the East with the survey of three Families of Languages, semitic, arian and Turanian, London and Edinburg - Lapzig, 1854.

ა. არაბული