მიუზიკლი

მიუზიკლი (ინგლ. Musical), მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი, წარმოდგენა, რომელიც აერთიანებს მუსიკალურ, დრამატულ, ქორეოგრაფიულ და საოპერო ხელოვნებას. მართალია, ტერმინი მ. „მუსიკალური კომედიის“ შემოკლებული ვარიანტია, მაგრამ ის მაინც შეიძლება იყოს ტრაგედია, ფარსი ან დრამა. მ. ოპერეტასთან დიდი მსგავსების მიუხედავად, დამოუკიდებელი ჟანრია, რ-საც დიდხანს არ აღიარებდნენ. დროთა განმავლობაში მ-ში ჩამოყალიბდა ის თავისებურებები, რ-ებიც მას ყველა სხვა ჟანრისაგან განასხვავებს. მ-ს საფუძველი ჩაეყარა ევროპ. და ამერ. ოპერეტის განვითარების შედეგად – დაირღვა მიღებული ტრადიციები და კანონები, გაფართოვდა საზღვრები, გამომსახველობითი საშუალებები. ოპერეტის გარდა, მ-ზე გავლენა იქონია კომიკურმა ოპერამ, ვოდევილმა, ბურლესკმა, აგრეთვე XX ს. დასაწყისში გაბატონებულმა სხვადასხვა საესტრადო სტილმა და მიმდინარეობამ. გაფართოვდა ორკესტრის შემადგენლობა, მასში აისახა სიმფოჯაზი და სხვა თანამედროვე მიმართულებები. მ-ში დიდი როლი ეკისრება სპეცეფექტებსა და სანახაობრივ მხარეს. აქ ერთმანეთს ერწყმის დიალოგები, სიმღერები, მუსიკა და შოუ. დიდ როლს ასრულებს ქორეოგაფია, რ-იც არსებითად განსხვავდება ოპერეტისათვის დამახასიათებელი საბალეტო და სალონური ცეკვებისაგან. მ-ს, როგორც წესი, არა აქვს საკუთარი დრამატურგია. ის ეფუძნება გადამუშავებულ ლიბრეტოებს, ლიტ. ნაწარმოებს ან დრამ. თეატრისათვის შექმნილი ნაწარმოების გადამუშავებულ ვერსიას. ფორმის თვალსაზრისით მ. მეტწილად ორ აქტიანია.

მ., როგორც სასცენო ხელოვნების ჟანრი, ჩამოყალიბდა XIX ს. დასასრულს აშშ-ში, სახელწოდება კი მხოლოდ XX ს. დასაწყისში მიიღო. მ-ის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ე. ბერლინს. 1866 ნიუ-იორკში, ბროდვეიზე დაიდგა ჩ. ბარასის პიესა „პირქუში ქურდი“ („The Black Crook“), მელოდრამაში ჩართული იყო სხვადასხვა სიუჟეტთან დაახლოებული შინაარსის სიმღერები. XX ს. დამდეგს ბროდვეის სპექტაკლებს აფორმებდნენ სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ შექმნილი სიუჟეტის შესაბამისი პოპულ. სიმღერებით. 1920–30 მუს. ნომრები უკვე საგანგებოდ იქმნებოდა კონკრეტული სპექტაკლებისთვის. მ-ის მსახიობები საშემსრულებლო მანერა ოპერეტისგან განსხვავდებოდა და პოპულარულ ჯაზს უახლოვდებოდა. ამ პერიოდის ბროდვეის სპექტაკლებში იყენებდნენ ორიგინ. ქორეოგრ. ჟანრს, რ-იც „სტეფ-დანსინგის“ სახელით იყო ცნობილი. ყველაზე პოპულ. „სტეფის“ შემსრულებლების, ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსისთვის მ. საგანგებოდ იწერებოდა. მუსიკას მ-სთვის ქმნიდნენ აშშ-ის ცნობილი კომპოზიტორები: ჯ. გერშვინი, ჯ. კერნი, რ. როჯერსი, კ. პორტერი, ფ. ლოუ, ლ. ბერნსტაინი და სხვ. მოგვიანებით განხორციელდა მრავალი მ-ის ეკრანიზაცია: „მუსიკის ჰანგები“ (რ. როჯერსი), „ოლივერი“ (ლ. ბარტი), „ჩემი მშვენიერი ლედი“ (ფ. ლოუ), „სასაცილო გოგონა“ (ჟ. სტაინი) და სხვ. XXI ს. დამდეგისთვის ყველაზე პოპულ. სასცენო და კინომიუზიკლია „Mamma Mia“ (ბ. ულვეუსი, ბ. ანდერსონი), რ-იც ამ ჟანრის საუკეთესო ტრადიციებს ინარჩუნებს. მასში შვედური ვოკ. ანსამბლ „ABBA“-ს პოპულ. სიმღერებია გამოყენებული.

საქართველოში მ-ის ჟანრი შემოვიდა XX ს. 70-იან წლებში; თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრის სცენაზე დაიდგა ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“ (1974), მოზარდ მაყურებელთა თეატრში – პ. ტრავერსის „მერი პოპინსი“ (1975). შეიქმნა პირველი ქართ. ფილმი-მიუზიკლებიც – „ვერის უბნის მელოდიები“ (რეჟ. გ. შენგელაია, კომპ. გ. ცაბაძე, 1975); „აურზაური სალხინეთში“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, კომპ. ნ. გაბუნია, 1976).

2004-იდან თბილ. მუს. კომედიისა და დრამის თეატრის (ახლანდ. „ახალი თეატრი“) მხატვრულ – ესთეტ. მიმართულების სახეცვლილებასთან ერთად ახალი ეტაპი დაიწყო მ-ის სცენურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია ამ პერიოდში დადგმული სპექტაკლები: „გაყრა“ (2007), „იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარი“ ( 2009 ), „მუსიკის ჰანგები“ (2010), „ვერის უბნის მელოდიები“ (2010), „ლურჯი ფრინველი“ (2014), „მე გადავცურავ ზღვას“ (2022) და ა.შ.

ლიტ.: აბაშიძე თ., ქართული მიუზიკლი, თბ., 2015; ფიჩხაძე მ., ოპერეტა, მიუზიკლი, თბ., 1982.

ი. ებრალიძე