მიტროფანოვი ვლადიმერ სერგოს ძე (1906, ყაზანი, – 1942, ქერჩი), კინორეჟისორი, სცენარისტი. დაამთავრა მოსკ. ელექტრომექანიკოსთა სკოლა (1927) და ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ- პეტერბურგი) ხელოვნ. ისტ. ინ-ტის კინოფაკულტეტი რეჟისორისა და კინომცოდნის სპეციალობით (1930). ამავე წელს მუშაობა დაიწყო საქართვ. „სახკინმრეწვში“ რეჟისორის ასისტენტად მ. კალატოზიშვილ-ის ფილმზე „ჯიმ შვანთე!“, 1932-იდან იყო კინოჟურნალ „საბჭოთა საქართველოს“ რეჟისორი. ქრონიკის სექტორში გადაიღო დოკუმენტური, სამეცნ.-პოპულ. ფილმები, ნარკვევები და სპეც. გამოშვებები: „როგორ შევინარჩუნოთ ძალა და ჯანმრთელობა ლაშქრობის დროს“, „საჰაერო ნავსადგური“, „მანდარინები“ (სამივე 1931), „ოქტომბრის ნაბიჯები“ (1932), „ნატახტარის ახალი წყალსადენი“ (1933), „დიდი პოეტის ხსოვნას“ (ა. წერეთლის საიუბილეოდ), „თბილისი“, „კავკასიონის ქედზე“, „იერიში ყაზბეგზე“ (სამივე 1935), „საღამოს თბილისი“, „ბედნიერი ცხოვრება“ (ორივე 1936), „ისტორიული ადგილები“, „კონსტიტუციის მზის ქვეშ“ (ორივე 1939), „ნათელი მზის ქვეშ“ (1940), „საქართველოს სამხედრო გზა“ (ვ. ვალიშვილთან ერთად, 1941), „ქერჩი, ქერჩის რაიონში“ (შ. ჩაგუნავასთან ერთად, 1942) და სხვ. 1941, II მსოფლიო ომის დროს, ქრონიკის სექტორმა მიავლინა ყირიმის საბრძოლო მოქმედებების გადასაღებად. დაიღუპა ქერჩთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
მ. კერესელიძე