მიტროპოლიტი (ლათ. metropolites), რომის იმპერიაში ოლქის (ეპარქიის) ან პროვინციის (დიოცეზის) მთავარი ქალაქის (მეტროპოლიის) მღვდელმთავრის ტიტული. პირველად იხსენიება ნიკეის I მსოფლ. საეკლ. კრებაზე (325). მას ემორჩილებოდნენ სამიტროპოლიტო ოლქში შემავალი ეპისკოპოსები. XIII ს-იდან დასავლეთში მ-ს არავითარი უფლება აღარ გააჩნდა. კათოლიკურ ეკლესიაში მ. მხოლოდ საპატიო ტიტულია. ამჟამად, ზოგიერთ ავტოკეფალურ ეკლესიაში (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, პოლონეთი, ამერიკა) მ-ის ხარისხი ეძლევა ყველა მღვდელმთავარს, რ-საც თავისი ეპარქია აქვს. ზოგჯერ არის უეპარქიო მ-ც, რ-იც მიმაგრებულია ტაძარზე და აქვს წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება. მას ნომინალური მ. ეწოდება. საქართვ. ეკლესიაში მ. მთავარეპისკოპოსსა და ეპისკოპოსზე მაღლა დგას.