მიტრა (mitra – თავზე წასაკრავი), 1. ძვ. რომში ქალის ქუდი, ძვ. საბერძნეთში – თავსაკრავი, შუბლზე გაკრული ფართო ბაფთა, რ-იც კეფაზე ინასკვებოდა და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა. 2. პატარა ხატებითა და ძვირფასი ქვებით შემკული სამღვდელმთავრო გვირგვინი, ეპისკოპოსის ლიტურგიული შესამოსელი. სიმბოლურად მ. იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინზე მიანიშნებს, რ-იც ვნებულ მაცხოვარს თავზე დაადგეს. კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და სხვ. ავტოკეფალიურ ეკლესიაში მ-ის ტარების უფლება მხოლოდ პატრიარქსა და მღვდელმთავრებს აქვთ. საქართვ. ეკლესიაში მ-ს ატარებენ აგრეთვე არქიმანდრიტები და ზოგიერთი დეკანოზი (მიტროსანი დეკანოზები).
თ. მარგველაშვილი