მისხალი, მასის (მოცულობის) ერთეული. შეადგენდა 4.6 გ, ანუ 6 დანგს. მომდინარეობს ირანულ-ერაყული და არაბული მასის (მოცულობის) ერთეულ მისკალიდან. გამოიყენებოდა ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ვარდის ზეთისა და სხვათა ასაწონად.
მ-ის სახელით ცნობილია აგრეთვე ყურძნის ჯიში (იგივეა, რაც ვაღარშაპატის დოლბანდი). თეთრი ყურძენი სუფრის ჯიშად ითვლება, მაგრამ სომხეთში მისგან ღვინოსაც აყენებენ. მცირე რაოდენობით გვხვდება მისი შავი სახეობაც.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, წგ. 2, თბ., 1986 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 5); ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973; Хинц В., Мусульманские веса и меры с переводом на метрическую систему, пер. c нем., М., 1970.
გ. ჯაფარიძე