მისტიციზმი (ლათ. mystes – საიდუმლო რიტუალში მონაწილეობა), სპეციფიკური ადამიანური აქტივობა, რომელიც, უმეტესწილად, რელიგიური გამოცდილების ფორმას ატარებს. ის აღნიშნავს მგრძნობელობისთვის მიუწვდომელთან კავშირს, რ-იც ადამიანის გარკვეული ტრანსფორმაციის საფუძველია. ის ადამიანის გამოცდილებას, განცდას, მდგომარეობას წარმოადგენს და ყოველთვის როდია შესაძლებელი სიტყვიერად მისი აღწერა-დახასიათება. მ-ს ვხვდებით იუდაიზმში (მაგ., კაბალა), ქრისტიანობაში, ისლამში (მაგ., სუფიზმი), ინდუიზმში და სხვ.
მ-ში შეიძლება გამოიყოს ე. წ. „გარეგანი“ და „შინაგანი“ მიმართულებები. მისტიკურ გამოცდილებაში პირველია გრძნობადი აღქმის ტრანსფორმაცია (მაგ., გამოცდილებით მიღებულ სამყაროსთან ერთიანობის განცდა), ხოლო მეორე – ერთგვარი სიცარიელის განცდა გრძნობითი გამოცდილების მიღმა (მაგ., აბსოლუტთან ერთობის განცდა). მ-ში გამოიყოფა ორი მხარე: დუალისტური რელიგიური გამოცდილება, რ-იც გულისხმობს ორ სუბიექტს (მაგ., განმცდელსა და ღმერთს) და მონისტური რ-იც ყოველივეს აბსოლუტურ უნიფიკაციას ახდენს, ანუ მასში მოხსნილია ყოველგვარი განსხვავება და სიმრავლე. მ-ში ასევე ერთმანეთისგან განსხვავდება აპოფატიკური (დადებითი) და კატაფატიკური (უარყოფითი) მიმართულებები. მ-ს ვხვდებით ანტიკურ მოძღვრებებში (ფილონ ალექსანდრიელის ეკლექტიზმი), ასევე შუა საუკუნეების აზროვნების მრავალ წარმომადგენელთან (მაგ., მ. ეკჰარტი, ისლამურ სუფისტურ მ-ში – ალ-ჰუსეინ ალ-ჰალაი და სხვ.). აღსანიშნავია XIX ს-ში განვითარებული მისტიკური კონცეფციებიც (მაგ., რ. ოტო). თანამედროვეობაში მ-ს ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერებებისა და სხვა დისციპლინების ჭრილშიც სწავლობენ.
მ-მა საგანგებო განვითარება პოვა ქრისტიანობაში, რ-შიც ის საღვთო მადლის მოქმედების შედეგად გვევლინება. მისტიკურ იდეებს ვხვდებით არეოპაგიტულ კორპუსში – აქ აბსოლუტთან კავშირი ხორციელდება აპოფატიკური გზით. ქრისტ. მ. განსაკუთრებით აღმოსავლურ მართლმადიდებელ ქრისტიანობაში განვითარდა და „ისიქაზმის“ სახით ჩამოყალიბდა (გ. პალამა).
საქართველოში მ-ის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს XI ს-ში არეოპაგიტული კორპუსის ეფრემ მცირესეული ქართ. თარგმანი, რ-მაც დიდი გავლენა იქონია ქართვ. მოაზროვნეებზე. ამასთანავე, საგულისხმოა ქართვ. ასკეტ მამათა სწავლებები, აღსანიშნავია მღვდელმონაზონი ა. შუშანია (1852–1923); მის თხზულებებში ვხვდებით „იესოს ლოცვის“ შესახებ სწავლებებს, რ-ებიც ქრისტ. მ-ის ნათელი მაგალითია. შეიძლება სპეციფიკური, „ინტელექტუალური“ მ-ის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ პეტრიწისეული თარგმანი და კომენტარი, ასევე მისი გავლენა ახ. დროის ქართვ. მოაზროვნეებზე (ანტონ ბაგრატიონი).
ლიტ.: თევზაძე გ., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1996; ირემაძე თ., შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2019; მისივე, ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2020.
ნ. კოპალეიშვილი