მისიმიელთა აჯანყება , ბიზანტიელთა ბატონობის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება. საბაბი გახდა ბიზანტიელი სარდლის, სოტერიქეს თავხედური მოქცევა: სოტერიქე მისიმიელთა ქვეყანაში მივიდა, რათა კავკასიონის ჩრდ-ით მცხოვრებ ბიზანტ. მოკავშირე ტომებისათვის განკუთვნილი ფული დაერიგებინა. მისიმიელებმა იეჭვეს, რომ სოტერიქე ეგრისის საზღვარზე მდებარე ციხე ბუქლოოსს ალანებს გადასცემდა. ამის გამო მას 2 წარჩინებული მიუგზავნეს და წასვლა მოსთხოვეს. სოტერიქემ მისიმიელთა წარგზავნილები ჯოხით აცემინა, რითაც მთელი ხალხი შეურაცხყო. იმავე ღამეს მისიმიელები თავს დაესხნენ ბიზანტიელთა ბანაკს და ყველანი გაჟლიტეს, შემდეგ ირანელების მხარეს გადავიდნენ და მათ სთხოვეს დახმარება. ბიზანტიელებმა სასტიკად ჩაახშვეს აჯანყება და მისიმიელები ისევ მათ დაემორჩილნენ. მათ სოტერიქეს ფული დააბრუნეს, მისცეს მძევლები და დადეს ერთგულების ფიცი. ბიზანტიელებმა ვერ გაბედეს სოფლებში რაზმის ჩაყენება და ცენტრ. ეგრისში დაბრუნდნენ. მისიმიელები კი კვლავ ძველებური ცხოვრების აღდგენა-განახლებას შეუდგნენ.
ლიტ. იხ. სტ-თან მისიმიელები.
ბოგვერაძე