მირხონდი, მოჰამედ იბნ ხავანდ შაჰ იბნ მაჰმუდი [1433, ბალხი, – 24. II (სხვა ცნობით 22. VI), 1498, ჰერათი], ირანელი ისტორიკოსი, ალიშერ ნავოის (1441–1501) ლიტ.-მეცნ. დასის წევრი. მისი თხზულება „სიწმინდის ბაღი...“ („როუზათ ას-საფა...“) შედგება 7 ტომისაგან. თხზულებაში თხრობა იწყება სამყაროს შექმნიდან და გრძელდება XVI ს. დასაწყისამდე (1510 მ-ს ნაშრომი დაასრულა მისმა შვილიშვილმა, ხონდემირმა). მე-6 ტომი მიძღვნილია თემურლენგისა და თემურიანი მმართველებისადმი. მე-6 ტომის ნაწილი და მე-7 ტომი მთლიანად ორიგინალურია, დანარჩენი კომპილაციაა; თხზულება შეიცავს მრავალ საყურადღებო ცნობას XIV–XV სს. საქართვ. ისტორიის საკითხების შესასწავლად. მ-ის ცნობით, თემურის სიკვდილის შემდეგ ქართველები მალევე აჯანყდნენ, ნახიჩევანი და განჯა დაარბიეს, დაამარცხეს თემურიანთა ლაშქარი და მარანდამდე (ირანის აზერბაიჯანი) მიაღწიეს. ეს მოხდა 1405. მ. აღწერს ყარა-იუსუფის ბრძოლას შირვანშაჰისა და აღმ. კავკასიის ხელში ჩასაგდებად. 1412 შირვანშაჰმა, შეიხ იბრაჰიმმა, შაქის მფლობელმა სიდი აჰმედმა შვილებითურთ და საქართვ. მეფე კონსტანტინემ ყარა-იუსუფის წინააღმდეგ გაილაშქრეს. მ. დაწვრილებით მოგვითხრობს, რომ საქართვ. მეფემ და მხედრობამ ბრძოლაში გულადობით ისახელეს თავი, მაგრამ გამარჯვება მაინც ყარა-იუსუფს ხვდა წილად. მან შირვანის მმართველი და კონსტანტინე მეფე თანამებრძოლ აზნაურებითურთ დაატყვევა. ქართველებს ტყვეობაში თავი ღირსეულად ეჭირათ. ამით განრისხებულმა ყარა-იუსუფმა კონსტანტინე მეფე თავისი ხელით მოკლა და დანარჩენებიც სიკვდილით დასაჯეს.
ლიტ.: კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV სს. მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით), თბ., 1975; კიკნაძე რ., ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების ერთობლივი ბრძოლის ისტორიიდან, კრ.: საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის საკითხები, II თბ., 1992; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
დ. კაციტაძე