მირცხულავა ცოტნე ევგენის ძე

მირცხულავა ცოტნე ევგენის ძე (25. VII. 1921, ფოთი, – 17. III. 2010, თბილისი), ინჟინერი, ჰიდრავლიკოსი, ჰიდრომელიორატორი, ჰიდროტექნიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993), ტექნიკის მეცნ. დოქტორი (1960), სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2000), სსრკ სოფლის მეურნეობის საკავშირო აკად. ნამდვილი წევრი (1973), რფ-ის სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის უცხოელი წევრი (1997). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი (1942). მუშაობდა „საქნავთობის“ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1942–53). იყო სტუ-ის პროფესორი (1953–2005). 1954–2010 მუშაობდა საქართვ. მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1968–2005 – დირექტორი). მ-მ პირველმა დაადგინა სხვადასხვა გრუნტის გამრეცხი სიჩქარეების ზოგადი კანონზომიერებანი და შექმნა მისი პროგნოზირების მეთოდოლოგია, აგრეთვე ბმული გრუნტების გამრეცხი სიჩქარის დადგენის ანალიტიკური მეთოდი, გარეცხვის მოდელირების ხერხი და წყლისმიერი ეროზიის ინტენსიურობის პროგნოზირების მეთოდიკა.

მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიების. სამეცნ. კვლევებისთვის მინიჭებული აქვს აკად. ა. კოსტიაკოვის ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება (1981). სახელმწ. პრემია მიიღო შრომათა ციკლისათვის ,,ნიადაგისა და კალაპოტების ეროზია, პროგნოზი და დაცვა“. იყო გაეროს ექსპერტი წყალდიდობებთან ბრძოლის საკითხებში, სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).

თხზ.: Инженерные методы расчета и прогноза водной эрозии. – М.: 1970; Надежность гидромелиоративных сооружений.-М.; 1974; Reliability of Hydro-recla­mation structures. USA, Denver, Co­­­­­­­­lorado, 1979; Reliability of Hydro-Rec­lamation Unstallation. Rotterdam, 1987.

დ. მირცხულავა