მირცხულავა ლევან (რეზო) გერმანეს ძე (15. IV. 1934, თბილისი, – 16. I. 2013, იქვე), თეატრის რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1970), საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1956 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (ხელმძღვ. ვ. ყუშიტაშვილი). მუშაობდა სოხუმის ქართულ დასში (1957–62– რეჟისორი, 1962–65 – მთ. რეჟისორი), მარჯანიშვილის (1965–68– რეჟისორი, 1968–70 – მთ. რეჟისორი), რუსთაველის (1970–75), რუსულ მოზარდ მაყურებელთა (1975–81–მთ. რეჟისორი), გრიბოედოვის (1988–90– სამხატვრო ხელმძღვ.) თეატრებში. 1981–88 იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის მთ. რეჟისორი, პარალელურად თეატრ. ინ-ტის პედაგოგი (1984-იდან– სამსახიობო ოსტატობის კათედრის პროფესორი, ხოლო 1992-იდან – ამავე კათედრის გამგე). მისი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: სოხუმის თეატრში – კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, ა. ჟარის „მეექვსე სართული“, დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“ და სხვ.; მარჯანიშვილის თეატრში – ჟ. ანუის „ტოროლა“, ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, მ. ელიოზიშვილის „ბერიკონი“; რუსთაველის თეატრში – ს. კლდიაშვილის „ქარიშხალი“, მ. ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულება“, კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“, რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში – ვ. მაიაკოვსკის „აბანო“, ბ. ლავრენიოვის „ორმოცდამეერთე“, გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“ და სხვ; ფოთის თეატრში – ევრიპიდეს „მედეა“; გრიბოედოვის თეატრში – ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“. მიწვეული იყო ნოვოსიბირსკის დრამ. თეატრში, სადაც დადგა ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“, ხოლო რუსთავის თეატრში – კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ და გ. ერისთავის „გაყრა“. 1996–98 იყო ბათუმის მ. აბაშიძის სახ. ხელოვნების ინ-ტის პირველი რექტორი. ხელს უწყობდა სახელოვნებო განათლების მრავალ მიმართულებას (ქორეოგრაფია, პანტომიმა, თოჯინების თეატრი). ხულოს თეატრის გახსნისათვის მოამზადა პროფესიონალ მსახიობთა და რეჟისორთა პირველი ჯგუფი. 1994–98 იყო ბათუმის თეატრის მთ. რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ პერიოდში მან დადგა გ. რობაქიძის „ლამარა“, ჟ. ანუის „ტოროლა“ (სპექტაკლებისათვის მიენიჭა მ. აბაშიძის სახ. პრემია, 1998) და სხვ.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის მეთოდოლოგიის საკითხებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.