მირცხულავა (ფსევდ. მაშაშვილი) ალიო ანდრიას ძე [28. IV(11. V). 1903, სოფ. ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 16. X. 1976, თბილისი], პოეტი. 1923–27 სწავლობდა მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახ. სალიტ.-სამხატვრო ინ-ტში. იყო ქართველ პროლეტ. მწერალთა ასოციაციისა და საქართვ. მწერალთა ფედერაციის პ/მგ მდივანი, საქართვ. მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ჟურნ. „მნათობისა“ და „დროშის“ რედაქტორი, 1968-იდან – წიგნის პალატის დირექტორი. პირველი ლექსი 1921 გამოაქვეყნა, პიესებისა და მოთხრობების პირველი კრებულები – 1923, ლექსების პირველი კრებ. „მერრეხი“ (ბუმერანგის ფსევდონიმით) – 1924.
მ-ს შემოქმედებაში აისახა ძველი ეპოქის რღვევა, დიდი ისტ. გარდაქმნები („პოეტი კაპიტანი“, 1926; „აი, ცხოვრების მთავარი თემა“, 1927 და სხვ.); XX ს. 20-იან წლებში მის პოეზიაში შეინიშნებოდა ურბანისტული მოტივების გავლენა, მძლავრი იყო პატრიოტული მოტივი. მეტაფორული აზროვნებით გამოირჩევა II მსოფლიო ომის წლებში დაწერილი ლექსები („ძმები“, „ჩანგი“, „ფიცი“); ომის შემდგომ პერიოდში კი ძირითადი იყო სამშობლოს თემა („ვერხვი“, „გული“ და სხვ.).
მ-ს გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართ. პოეტური ეპოსის განვითარებაში. მისი პოემებიდან აღსანიშნავია: „ურმული“ (1925), „ენგური“ (1936), „რუსთავი“ (1961) და სხვ.; დრამ. პოემებიდან: „სურა დაიმსხვრა“ (1959), „ვნების კვირა“ (1959), „ღრუბლების აჯანყება“ (1961); პიესებიდან: „კარლ ლიბკნეხტის აჩრდილი“ (1921–23), „განგაში“ (1930, დაიდგა რუსთაველის თეატრში; რეჟ. ს. ახმეტელი) და სხვ. მასვე ეკუთვნის ლიტ. წერილები, რუს. პოეზიის თარგმანები, საბავშვო ლექსები („გაზაფხულის მახარობლები“, 1984) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: თხზულებანი ხუთ ტომად, თბ., 1976–80; 100 ლექსი, თბ., 2003.
ლიტ.: ალიო მირცხულავა-მაშაშვილი – 80, თბ., 1983; ჯიბუტი ვ., ალიო მირცხულავა, თბ., 1973.
დ. თევზაძე