მირცხულავა ალექსანდრე იორდანეს ძე (12. V. 1911, სოფ. ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 9. VI. 2009, თბილისი), საქ. სსრ კპ ცკ-ის პირველი მდივანი (1953). დაამთავრა ზუგდიდის პედ. ტექნიკუმი (1930), სწავლობდა ბოლშევიკების გაერთ. კპ-ის ცკ-თან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში (1947–50). 1932 გახდა კპ(ბ)-ის წევრი. იყო მცხეთის (1933) და წულუკიძის (ახლანდ. ხონი, 1935) კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი, საქ. სსრ კომკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი (1938–41), საქ. კპ(ბ)-ის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი (1941–43), აფხაზეთის ასსრ სახ. კომისართა საბჭოს (1946-იდან – მინისტრთა საბჭო) თავ-რე (1943–48), პარალელურად, ამიერკავკ. სამხ. ოლქის სამხ. საბჭოს წევრი (1941–45), კპ ცკ-ის ინსპექტორი (1950-იდან), „საქტორფის“ ტრესტის მმართველი (1952 მარტამდე). 1952–53 იხდიდა სასჯელს ე. წ. „მეგრელების საქმესთან“ დაკავშირებით.
1953 წ. 14 აპრილს საქ. სსრ კპ ცკ-ის პლენუმზე, მ., როგორც ლ. ბერიასთან დაახლოებული პირი, აირჩიეს კპ ცკ-ის პირველ მდივნად და კპ ცკ-ის ბიუროს წევრად (გათავისუფლდა 1953 წ. 20 სექტ.). იყო სსრკ უმაღლ. საბჭოს 1-ელი (1937–46, ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში), მე-2 (1946–50) და მე-3 (1950–54) მოწვევის დეპუტატი.
1953–80 მ. მუშაობდა ჩაქვის ჩაის ქარხნის დირექტორად, გაერთიანება „საქპურტრესტის“ დირექტორის მოადგილედ და „საქთამბაქოს” ტრესტის მმართველად. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.