მირქმის დედათა მონასტერი, წმ. ანას (საიდნაიას), მცირე ყოვლადწმინდას, დედათა მონასტერი. დარბაზული ნაგებობა მდებარეობს ძვ. იერუსალიმის ქრისტ. უბანში და ეკუთვნის ბერძნულ მართლმადიდებელ საპატრიარქოს. გადმოცემით, სახელი საიდნაია დამასკოს (სირია) მახლობლად მდებარე ამავე სახელწოდების მონასტრიდან (VI ს.) ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის სასწაულმოწმედი ხატის იერუსალიმში გადატანას უკავშირდება.
მ. დ. მ-ის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა 1187 განეკუთვნება და მოიხსენიება როგორც წმ. ანას მონასტერი; იგი ამავე სახელით ბერძენთა საკუთრებად მოიხსენიება სულთან სელიმის 1517 ფირმანში, ხოლო 1685 ერთ-ერთ დოკუმენტში იგი დასახელებულია დავალიანებულ და თითქმის დაცლილ ქართ. მონასტრებს შორის; იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოს II კი ვახტანგ VI-თვის გაგზავნილ ეპისტოლეში (1706) წმ. ანას მონასტერს ქართვ. მეფეთა და დიდებულთა ფინანსური შემწეობით „ვალების გარეშე და ყოველმხრივ თავისუფალ“ ხუთ მონასტერს შორის ასახელებს.
ტ. გაბაშვილის „მიმოსლვის“ ვარიანტებით, მ. დ. მ. რაჭის ერისთავებს – ჩხეტისძეებს აუშენებიათ („რაჭის ერისთავთ და მათი მოჴსენება მუნ არს, დედათ მონასტერი არის“; „ქ. ყოვლად წმიდისა რაჭის-ერისთავთა, ჩხეტის გვართა – მირქმის მონასტერი“). იგი, სავარაუდოდ მონასტრის აღდგენას გულისხმობდა, თარიღს კი არ აზუსტებს. მოღწეულია მხოლოდ ერთი აღაპი ჩხეტის გვარის წარმომადგენლის – რუსი ჩხეტის ძისა. მას XIV ს. დასაწყისში უცხოვრია და დიდი „დაჭირვების“ ჟამს, როდესაც მუსლიმებმა „ჯუარი შემოგუაქციეს“ ე. ი. 1305, როცა ჯვრის მონასტერი ქართველებს დაგვიბრუნეს, ხუთასი თეთრი გადაუცია მონასტრისთვის. თუმცა ძნელია იმის თქმა მ. დ. მ. რუსი ჩხეტიძემ განაახლა თუ ამ გვარის სხვა რომელიმე წარმომადგენელმა.
1936 წმ. მიწასა და სირიაში მოგზაურობისას მ. დ. მ. მოინახულა გრიგოლმა (ფერაძე), რ-მაც აქ ნახა მაცხოვრის გამოსახულება ბერძნული (და არა ქართული, როგორც პ. უსპენსკი აღნიშნავდა) წარწერით.
ლიტ.: მამისთვალიშვილი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, თბ., 1998; მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბ., 1962; ქართული ქრისტიანული თემი წმინდა მიწაზე, შემდგ. გ. გაგოშიძე, ნ. კვირიკაშვილი, თ. ცერაძე, ლ. ხოფერია, მ. ჯანჯალია, თბ., 2022.
ე. მამისთვალიშვილი