მირქმა

მირქმა (ლათ. Praeseitatio Domin), მიგებება, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული, რ-იც ეძღვნება იესო ქრისტეს ტაძრად მიყვანებას. ლუკას სახარების თანახმად, მოსეს რჯულის მიხედვით, შობიდან მე-40 დღეს მშობლებს ახალშობილი იერუსალიმის ტაძარში უნდა მიეყვანათ. ყრმა იესოს ტაძარში მიეგება ღრმად მოხუცებული სვიმეონი, რ-საც არ სწამდა წინასწარმეტყველება ქალწულისგან მესიის შობის შესახებ, რადგან ასეთი რამ შეუძლებლად მიაჩნდა. ამის გამო სვიმეონს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქალწულისგან შობილ მხსნელს საკუთარი თვალით არ იხილავდა. სვიმეონმა მიირქვა ყრმა და წარმოთქვა: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით...“. მ-ის დღესასწაული IV ს-ში დაწესდა იერუსალიმში. VI ს-იდან აღინიშნება ცალკე, როგორც 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. იგი სიმბოლურად გამოხატავს ძველი (სვიმეონი) და ახალი (იესო ქრისტე) აღთქმების შეხვედრას. საქართველოში მ-ს უკავშირდება ლამპრობის ხალხ. ტრადიციული დღესასწაული. მართლმადიდებელი ეკლესია მ-ს 2 (15) თებერვალს აღნიშნავს.

ლიტ.: აბაკელია ნ., ალავერდაშ­ვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991.

ზ. ეკალაძე