მირონი, მცენარეული სურნელოვანი ზეთი, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისას ტრაპეზისა და საკურთხევლის, აგრეთვე მართლმადიდებელი მონარქის კურთხევის დროს იხმარება. მ. 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისა-გან (ზეითუნისა და ვარდის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმეველი, სხვადასხვაგვარი ყვავილი და სხვ.) შედგება და მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში, რაც ამა თუ იმ ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანია. მ-ის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, ვნების კვირაში, დიდ ორშაბათს და 3 დღეს გრძელდება. მ-ს აკურთხებს კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში წირვის დროს. მკვლევართა ნაწილი (კ. კეკელიძე, გ. თარხნიშვილი და სხვ.) ადასტურებს, რომ ადრექრისტიანულ საქართველოში მ. იერუსალიმიდან შემოჰქონდათ, მაგრამ როგორც გაირკვა 451-მდე იერუსალიმის ეკლესიაც ანტიოქიის ეპისკოპოსთა სამწყსოს წარმოადგენდა. ქართლის ეკლესიაზე ანტიოქიის ეკლესიის ზემდგომობა ევსტათი ანტიოქიელის (IV ს.) მიერ ქართლის პირველ ეპისკოპოსად იოანე I-ის ხელდასხმის შემდეგ დამყარდა. ეფრემ მცირეს (XI ს.) ცნობით, ქართლის ეკლესიას იმ დროიდან მ-ის დასამზადებლად საჭირო „ნივთთა წმიდისა მოსასყიდელად“ ათასი კომლისგან აღებული გადასახადის ანტიოქიაში გაგზავნა დაეკისრა. ქალკედონის IV მსოფლიო საეკლ. კრებაზე (451) „ბრძანეს წმიდათა მამათა, რაჲთა არა ხოლო ანტიოქიას, არამედ სხუათაცა ეკლესიათა შინა წმიდა იქმნებოდეს მიჰრონი“. ამიერიდან ქართლშიც უნდა მომხდარიყო „კურთხევაჲ მიჰრონისაჲ…“ ქალკედონის IV მსოფლიო საეკლ. კრების დადგენილება პეტრე ფულონის (ანტიოქიელის) მოღვაწეობისას განხორციელდა. მისი თავმჯდომარეობით, ანტიოქიის ადგილობრივმა საეკლ. კრებამ ამავე საპატრიარქოში შემავალ ეკლესიებს, მ. შ. ქართლის ეკლესიას, ნება დართო მ. თავად ეკურთხებინათ. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო საეკლ. კრებას უნდა დაედასტურებინა და, მართლაც, 680 კონსტანტინოპოლში გამართულ VI მსოფლიო საეკლ. კრებამ დაადგინა: ქართლის ეკლესიის მეთაურს „ოდესცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა“ (ასეთივე შინაარსისაა „კონსტანტინოპოლის ტაქტიკონიდან“ მომდინარე „მარტვილის ხელნაწერში“ შემონახული ცნობა).
VI მსოფლიო საეკლ. კრების მიმდინარეობისას ფარნავაზიანთა და ბაგრატიონთა სახლის წევრებს შორის დაპირისპირება ისე იყო გამძაფრებული (დაპირისპირება ყოფილა ეკლესიაშიც), რომ ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ფარნავაზიანი ოჯახით ეგრისში გადავიდა, ქართლში მხოლოდ უმცროსი ძე – არჩილი იმყოფებოდა. ასეთი ვითარების მიუხედავად, არჩილმა ბრძანა მ-ის მოხარშვა და როგორც საბუთშია ნათქვამი, „მიქაელ ქართლის კათალიკოზმან“ 682 მცხეთაში აკურთხა „წმიდაჲ მირონი“.
ლიტ.: გოილაძე ვ., მირონის კურთხევის დაწესება საქართველოში, თბ., 2008; ჯაფარიძე ანანია (მიტროპოლიტი), მირონის კურთხევის შესახებ, მის წგ.: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1998.
ვ. გოილაძე
ზ. ეკალაძე