მირნელი (ნამდვ. გვარი ციკოლია) მირიან (მირონ) მიხეილის ძე

მირნელი (ნამდვ. გვარი ციკოლია) მირიან (მირონ) მიხეილის ძე (15. VI. 1928, სოფ. რეჩხი, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, – 29. XI. 1998, თბილისი), პოეტი, მეცნიერი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. 1944 დაამთავრა სოხუმის პედ. სასწ., 1950 – თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი კავკ. ენების განხრით. 1951-იდან მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკადემიის დ. გულიას სახ. აფხაზ. ლიტ-რისა და ისტ. ინ-ტში.

1948 გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზ. „ლიტერატურასა და ხელოვნებაში“, 1951 – პირველი სამეცნ. გამოკვლევა უნ-ტის სტუდენტთა სამეცნ. კრებულში. მას შემდეგ მ-ის ნაწარმოებები და სამეცნ.-პუბლიცისტური წერილები სისტემატურად ქვეყნდებოდა და გამოდიოდა ცალკე წიგნებად. ქართველმა მკითხველმა დიდი ინტერესით მიიღო მისი კრებულები: „რიჟრაჟი ბილიკებზე“ (1967), „ლურჯი სათავეები“ (1967), „ტალღა და წუთი“ (1970), „სტვენდა ლერწამი“ (1987), „ძოწისფერი ცა“ (1982), „გადაძახილი“ (2006) და სხვ.

მ-ის სამეცნ. ნაშრომებში საფუძვლიანადაა გამოკვლეული აფხ. ენის წარმოშობის ისტ. და ქართველურ ენებთან ურთიერთმიმართების აქტუალური საკითხები. საგანგებო აღნიშვნის ღირსია სამი მონოგრაფია, რ-თაც განსაკუთრებული ადგილი უკავია კავკასიოლოგიაში: „აფხაზური ენის აბჟუური დიალექტი“ (1973); „სიტყვათა რიგი აფხაზურ ენაში“ (1980); „მარტივი წინადადება აფხაზურსა და ქართველურ ენებში“ (1990); ეს უკანასკნელი, პირველი მონოგრაფიაა კავკასიოლოგიაში, რ-შიც უშუალოდ შედარების გზით მონოგრაფიულად განიხილება მონათესავე ენათა ორი ქვეჯგუფის საკითხები.

მ. ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. მისი თარგმანებით გაეცნო ქართველი მკითხველი დ. გულიას, ბ. შინკუბას, ი. თარბას, კ. ლომიას, ვ. წვინარიასა და ი. პაპასქირის ნაწარმოებებს.

ც. მესხია