მირმიქელა, იგივე მორილ-მიაქელა, ორ- და სამსართულიანი საბრძოლო ხასიათის სვანური ფერხული. დაკავშირებულია ნაყოფიერების ღვთაება კვირიას კულტთან. სრულდება მურყვამობა-კვირიაობის დღესასწაულზე, „მელია-ტელეფიას“ საწესო სანახაობის შემდეგ. მონაწილეობენ მხოლოდ მამაკაცები. ფერხულს შეჯიბრის სახე აქვს. მამაკაცთა ერთი ჯგუფი შეკრავს წრეს და ჩაიჩოქებს. მათ მხრებზე დგება მამაკაცთა მეორე ჯგუფი, რის შემდეგაც ორსართულიანი ფერხული იწყებს მოძრაობას წრეზე. მ-ს ქვედა სართული ზედას ჩამოგდებით ემუქრება. თავის მხრივ ზედა სართული ცდილობს გაუმკლავდეს საფრთხეს. ბოლოს ზედა სართული ჩამოვარდება და უკვე მიწაზე იწყება საერთო ცეკვა-თამაში. ცეკვა მ. სრულდება სართულებს შორის გამართული სათანადო დიალოგის ფონზე, შემდეგ იწყება ქალ-ვაჟთა ფერხული „შინავორგილ“, დასასრულს კი მამაკაცები „ცერულს“ ცეკვავენ.
თუშეთში ასეთ ფერხულს ქორბეღელა ეწოდება. ცალკეული მოსაზრებებით სართულებიანი ფერხული ასტრალურ ღვთაებათა იერარქიასა და საბრძოლო ხასიათზე მიუთითებს (იხ. ქორბეღელა).
ლიტ.: ბარამიძე ბ., ქართული ხალხური და კლასიკური ქორეოგრაფია (ბალეტი), თბ., 2015; ონიანი ჯ., სვანური მურყვამობა-კვირიაობა, „მაცნე, ისტ. არქეოლ., ეთნოგრ., ხელოვნ. ისტორიის სერია“ 1969; #3; ფხაკაძე თ., სართულიანი ფერხულები საქართველოში, „ხანძთა“ 2006, №4; ჩიჯავაძე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009.