მირიან ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (19. VIII. 1766, – 15. X. 1834, სანქტ-პეტერბურგი), ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე. შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რ-იც ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს 1783 ტრაქტატის დადების სამზადისთან დაკავშირებით. 1784 კვლავ გაემგზავრა რუსეთში, იქვე დარჩა და რუს. სამსახურში შევიდა. პეტერბურგიდან მიმოწერა ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფო კართან. მიიღო გენ.-ლის ჩინი და სენატორობა. 1797 დასაწყისში იყო ყაბარდოს პოლკის მეთაური. მსახურობდა „კავკასიის ლინიაზე“ გენ. ი. გუდოვიჩთან. მ. ბ-მა შემოგვინახა „დავითიანის“ გურამიშვილისეული ხელნაწერი და არზა. 1798 იანვარში, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, გათავისუფლდა რუსეთის სამსახურიდან საქართველოში დაბრუნდა და აქვე დარჩა. 1801 წ. 15 მარტიდან თავისი ყმა-მამული სამართავად დაუტოვა დედას და პეტერბურგში დასახლდა, სადაც ეწეოდა ლიტ. და მთარგმნელობით მოღვაწეობას. რუსულიდან თარგმნა „სწავლა თქმული ილია მინიატისაგან“ (A–1448), ბრავეს ტრაგედია „ატეისტი“ (H–2321). ავტორია რამდენიმე იამბიკოსი. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
წყარო: ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ; 1983; გურამიშვილი დ., დავითიანი, ალ. ბარამიძის რედ., თბ., 1955; საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., ტ. 2–3, ტფ., 1909–10; Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся до Грузии, под ред. А. А. Цагарели, т. 2, в. 2, СПб., 1902.
მ. ბერძნიშვილი