მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (21. II. 1860, ქუთაისი, – 15. VIII. 1940, თბილისი), პუბლიცისტი, მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პედაგოგი. დაამთავრა ქუთ. გიმნაზია. 1882-იდან სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტის, შემდეგ – სორბონის უნ-ტის (პარიზი) ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე. 1886 დაბრუნდა სამშობლოში და პედ. მოღვაწეობას მიჰყო ხელი. მ-ის წერილები, ნარკვევები და თარგმანები 1880-იდან იბეჭდებოდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „შრომა“, „თემი“, „მოამბე“, „თეატრი და ცხოვრება“, „ჯეჯილი“ და სხვ.). წერდა „კლდიასა“ და „მოგზაურის“ ფსევდონიმებით. 1900-იდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მდივანი. თარგმნა ჰომეროსის, ევრიპიდეს, ესქილეს, გოეთეს, რენანის თხზულებები, ინდური და ძვ. ებრაული ჰიმნები და სხვ. გადააკეთა და ცალკე წიგნებად გამოსცა „ამირანის ლექსი“ (1913), „როსტომიანი“ (1914), „ვეფხისტყაოსანი“ (1915) და სხვ. მ-ს ეკუთვნის „ქართული სიტყვიერების განარკვი“ (1929); ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“, ა. ყარაშვილის დაუმთავრებელი ოპერა „ვეფხისტყაოსნის“, აგრეთვე მისივე თარგმნილი ა. რუბინშტეინის ოპერა „დემონის“ (1905, დაიდგა პეტერბურგში ქართ. ენაზე) ლიბრეტოები.
ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 2, თბ., 1955; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015.
ს. ყუბანეიშვილი